LIVE

იტალია ტყის ხანძარს ებრძვის

20 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 730
იტალია ტყის ხანძარს ებრძვის

იტალია ტყის ხანძრებს ებრძვის. დღეს ტოსკანაში ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგან ცეცხლში მოხვედრილი გაზის ავზები აფეთქდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში კი ხანძრის კვამლმა გემთმშენებელი Fincantieri იძულებული გახადა, დაეხურა ქარხანა, რომელშიც 3000 ადამიანია დასაქმებული. 

ქალაქ ლუკასთან ორშაბათს საღამოს გაჩენილმა ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე უკვე გაანადგურა. ხანძრის გამო, დაახლოებით 300 ადამიანს მოუწია ადგილის დატოვება, რადგან ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში მძვინვარებდა.

მიმდინარე კვირაში ტყის ხანძრები იტალიის რამდენიმე რაიონში გაჩნდა, რადგან ევროპაში უჩვეულოდ დაცხა. იტალიის ცხრა ქალაქში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გაფრთხილება გავრცელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამინდმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე. მოსალოდნელია, რომ ასეთი ქალაქების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ხვალ 14-ს (მათ შორისაა რომი, მილანი და ფლორენცია), პარასკევს კი - 16-ს მიაღწევს.  

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ამ კვირაში ტემპერატურა 40C გრადუსს მიაღწევს ქვეყნის მთელ ჩრდილოეთ და ცენტრალურ ტერიტორიაზე, ასევე სამხრეთით პულიაში, სარდინიასა და სიცილიის კუნძულებზე.

გუშინ გაჩენილი ტყის ხანძრის ძლიერი კვამლის გამო, ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში მოსახლეობას მოუწოდეს დარჩნენ შენობებში. ხანძარი სლოვენიის მიმართულებით გავრცელდა და ქალაქ ტრიესტის ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩენის საფრთხე შეუქმნა.

ტემპერატურა მნიშვნელოვნად მომატებულია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ინგლისის რეკორდული სიცხის ფონზე მეხანძრეებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დატვირთული დღე ჰქონდათ. ლონდონის სახანძრო ბრიგადამ 1 დღის განმავლობაში 2,600 ზარი მიიღო, რაც ჩვეულებრივ რაოდენობაზე 7-ჯერ მეტია. რეკორდული ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებასაც მნიშვნელოვნად აფერხებს.