LIVE

დიდ ბრიტანეთში მეხანძრეებს მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე დატვირთული დღე ჰქონდათ

20 ივლ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
დიდ ბრიტანეთში მეხანძრეებს მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე დატვირთული დღე ჰქონდათ

ინგლისის რეკორდული სიცხის ფონზე მეხანძრეებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დატვირთული დღე ჰქონდათ. ლონდონის სახანძრო ბრიგადამ 1 დღის განმავლობაში 2,600 ზარი მიიღო, რაც ჩვეულებრივ რაოდენობაზე 7-ჯერ მეტია. რეკორდული ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებასაც მნიშვნელოვნად აფერხებს.

სამშაბათს ინციდენტები დაფიქსირდა ლონდონში, ნორფოლკში, საფოლკში, ლინკოლნშირში, ლესტერშირში და სამხრეთ იორკშირში. მშრალ პირობებში ხანძრები გაჩნდა რამდენიმე რაიონში.

Met Office-მა განაცხადა, რომ ინგლისის მასშტაბით 34 სადამკვირვებლო ობიექტმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

ნორფოლკში მეხანძრეები სამშაბათს 80-ზე მეტ ინციდენტზე გამოიძახეს, მათ შორის ერთი ხანძარი, რომელიც სოფელ აშმანჰაუში მინდორში დაიწყო ორ სახლზე გავრცელდა.

როგორც საფოლკის სახანძრო და სამაშველო სამსახურმა განაცხადა, 60-ზე მეტ ინციდენტზე დაფიქსირდა გამოძახება, რომელთაგან 38 ღია ცის ქვეშ ხანძარი იყო, რაც, მათი თქმით, ვითარებას უპრეცედენტოს ხდის.

შაბათის შემდეგ ცხრა ადამიანი ცურვასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო დაიღუპა. ასევე, ფართოდ შეფერხდა მატარებლების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროგნოზის მიხედვით, ოთხშაბათს ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიკლებს. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი, რამაც შესაძლოა ლოკალიზებული წყალდიდობები და გადაადგილების შემდგომი შეფერხებები გამოიწვიოს.

კლიმატის ცვლილების გამო სიცხის ტალღები უფრო ინტენსიური, ხშირი და ხანგრძლივი ხდება. მეცნიერების განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ტემპერატურას 40C-მდე მიეღწია ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობის გარეშე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია