LIVE

რუსული ქვანახშირის აკრძალვა ბაზრებზე ზეწოლას ზრდის

19 ივლ 202211:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 576
რუსული ქვანახშირის აკრძალვა ბაზრებზე ზეწოლას ზრდის
Bloomberg

ევროკავშირის მიერ რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის ფონზე, ენერგორესურსის მიწოდებაზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც, თავის მხრივ, წიაღისეული საწვავის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ ავსტრალიის მთავარი მწარმოებელი Whitehaven Coal აცხადებს. 

Whitehaven Coal-ის განცხადებით, მიწოდებასთან დაკავშირებულმა გლობალურმა შეზღუდვებმა და ძლიერმა მოთხოვნამ ნიუკასლის თერმული ქვანახშირის კვარტალური საორიენტაციო ფასის მაჩვენებელი რეკორდულ $377-მდე გაზარდა.  

კომპანია ვარაუდობს, რომ მომავალ თვეში წლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას, მისი შემოსავალი ნახტომისებურად -  204,5 მილიონი ავსტრალიური დოლარიდან 3 მილიარდ ავსტრალიურ დოლარამდე ($2 მილიარდი) გაიზრდება.  

"ევროკავშირის აკრძალვა, რომელიც ძალაში მომავალ თვეში შევა, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაამკაცრებს მაღალი ხარისხის თერმული ქვანახშირის მიწოდებას", - ნათქვამია სიდნეიში დაფუძნებული Whitehaven-ის განცხადებაში.

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტით, ქვანახშირის იმპორტის ყველა ფორმა აკრძალა. აკრძალვა სრულად აგვისტოს მეორე კვირიდან ამოქმედდება, თუმცა აპრილის შემდეგ, ახალი კონტრაქტების გაფორმება შეუძლებელი გახდა. 

რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა იაპონიამაც. ამ მიზნით, აზიის ქვეყანა დროთა განმავლობაში დაზოგავს ენერგიას, ეცდება ელექტროენერგიის სხვა წყაროებიდან გამომუშავებას და მოძებნის ალტერნატიულ მიმწოდებელს რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ სტრინგერი