LIVE

ივნისში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო - ზრდა 492%-ია

15 ივლ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1155
ივნისში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო - ზრდა 492%-ია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 427 მლნ 400 ათასი აშშ დოლარი (1 მლრდ 263 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ივნისში გადმორიცხული თანხის მთლიან მოცულობაში რუსეთის ფედერაციის წილი 54%-ია. ერთ თვეში რუსეთიდან 231 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 492%-ს შეადგენს. რუსეთზე მაღალი წლიური ზრდა ფიქსირდება ბელორუსის შემთხვევაში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების ზრდის მაჩვენებელი 756%-ია.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • რუსეთის ფედერაცია - $231.44 მლნ / წლიური ზრდა 492%;
  • იტალია - $35.57 მლნ / 12%;
  • აშშ - $27.66 მლნ / 11%;
  • საბერძნეთი - $18.82 მლნ / -7%;
  • ყაზახეთი - $17.26 მლნ / 284%;
  • ისრაელი - $16.94 მლნ / 8%;
  • გერმანია - $13.95 მლნ / 44%;
  • თურქეთი - $8.44 მლნ / -7%;
  • ყირგიზეთი - $6.97 მლნ / 519%;
  • ბელორუსი - $5.30 მლნ / 756%.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხებს, ივნისში ამ მაჩვენებელმა 29 მლნ 600 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, მაისში რუსეთიდან საქართველოში 314 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც რუსეთიდან თვის განმავლობაში მიღებული გზავნილების ისტორიული მაქსიმუმი იყო.