ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მაისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 505 მლნ 700 ათასი აშშ დოლარი (1 მლრდ 502 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 169.4%-ით (318 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს საქართველოს მიერ ერთი თვის განმავლობაში მიღებული ფულადი გზავნილების რეკორდული რაოდენობაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გადმორიცხული თანხის მთლიანი მოცულობიდან 62% რუსეთის ფედერაციაზე მოდის. მხოლოდ ერთ თვეში რუსეთიდან 314 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც რუსეთიდან თვის განმავლობაში მიღებული გზავნილების ისტორიული მაქსიმუმია. წლიური ზრდა 889%-ია.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია - 313.90 მლნ დოლარი / წლიური ზრდა 888.73%;
- იტალია - 36.82 მლნ დოლარი / 15.30%;
- აშშ - 27.78 მლნ დოლარი / 15.03%;
- ყაზახეთი - 20.81 მლნ დოლარი / 586.63%;
- საბერძნეთი - 20.33 მლნ დოლარი / - 1.47%;
- ისრაელი - 16.07 მლნ დოლარი / 8.81%;
- გერმანია - 13.31 მლნ დოლარი / 46.40%;
- თურქეთი - 8.13 მლნ დოლარი / 11.21%;
- ყირგიზეთი - 5.68 მლნ დოლარი / 371.51%;
- ესპანეთი - 4.96 მლნ დოლარი / 8.16%.
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხებს, მაისში ამ მაჩვენებელმა 28 მლნ 700 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, PMC-ის მიმოხილვის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტსა და აპრილში, საქართველოში შემოსული მოგზაურების მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებიათ. მარტსა და აპრილში საქართველოში 93 900 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ქვეყნიდან კი 56 100 რუსი გავიდა.