LIVE

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $100-ია - როგორია მოლოდინები

13 ივლ 202213:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 1259
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $100-ია - როგორია მოლოდინები
Gene J. Puskar/AP Photo

Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულა ბარელზე $100-იან ნიშნულს ჩამოსცდა და გუშინ, 7%-იანი კლების შემდეგ, $99.49 შეადგინა. თუმცა დღეს ფასი $100.22-მდე გაიზარდა.

6 ივლისს ნავთობის ფასის გლობალური მაჩვენებელი აპრილის შემდეგ პირველად ჩამოსცდა ბარელზე $100-იან მაჩვენებელს. პოლიტიკოსებს, ბიზნესსა და მძღოლებს მთელს მსოფლიოში მიეცათ იმედი, რომ საწვავის მაღალი ფასების დღეები დასასრულს უახლოვდებოდა. თუმცა, რეალობა განსხვავებულია.

ფაქტობრივად, ნავთობის მიწოდებისა და მოთხოვნის ძირითადი დინამიკა მიუთითებს მაღალი ფასების ხანგრძლივ პერიოდზე, რომელიც თვეების თუ არა, წლების განმავლობაში გაგრძელდება. საწვავზე მოთხოვნა კვლავ იზრდება, რადგან მსოფლიო აგრძელებს იქიდან, სადაც შეჩერდა Covid-19-ის ჩაკეტვამდე. ნავთობის  გადამამუშავებელი ქარხნების დეფიციტია. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინის ომი თრგუნავს რუსეთიდან ექსპორტს.

“მსოფლიო არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი ენერგეტიკული კრიზისის მომსწრე მისი სიღრმისა და სირთულის თვალსაზრისით”, - განაცხადა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა.

გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაზე გავლენა უზარმაზარია. გაზის ფასის 42%-იანმა მატებამ მიმდინარე წელს უკვე გაზარდა შეერთებული შტატების ინფლაცია უმაღლეს დონეზე. საწვავის მაღალი ფასი არეულობას იწვევს ქვეყნებში პერუდან შრი-ლანკამდე. ენერგეტიკული ტრანზიცია, რომელზეც მსოფლიო ლიდერები წლების განმავლობაში საუბრობდნენ, საფრთხის წინაშე დგას.

ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე, მსოფლიო იბრძვის საჭირო ნავთობის მოპოვებისთვის. ეს არის მკვეთრი შემობრუნება 2020 წლის გაზაფხულიდან, როდესაც პანდემიის გამო მოთხოვნა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე და ნავთობის ფასი ნულამდე დაეცა. IEA-ს თანახმად, მომავალ წელს გლობალური ნავთობის მოხმარება გადააჭარბებს პანდემიამდელ დონეს და 2%-ზე მეტით გაიზრდება.

მარაგების შენარჩუნება რთული იქნება. ივნისში JPMorgan-მა წარმოადგინა აპოკალიფსური სცენარი, რომელშიც პუტინი აკავებს მილიონობით ბარელ რუსულ ნავთობს და ფასები ბარელზე $380-მდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მყიდველები იპოვა ჩინეთსა და ინდოეთში, მთლიანი წარმოება დღეში მილიონ ბარელზე მეტით შემცირდა სანქციების და მოსკოვთან ბიზნესის წარმოების შეჩერების გამო.

რუსეთის ფარგლებს გარეთ წარმოების ზრდის პერსპექტივები ბუნდოვანია. OPEC-ი, რომელიც აწარმოებს მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 40%-ს, სირთულეებს აწყდება წარმოების გეგმების შესრულებაში. მოძველებული ინფრასტრუქტურა, ისტორიულად დაბალი ინვესტიციები და პოლიტიკური დაძაბულობა, აფერხებს წარმოებას. მაისში OPEC+ ერთობლივად დასახულ მიზანთან შედარებით დღეში 2,7 მილიონი ბარელით ნაკლებს აწარმოებდა.

ნავთობის მიწოდების ზრდის იმედი ეყრდნობა ჭარბი წარმოების სიმძლავრის მქონე ორ წევრს: საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორივეს უბიძგა მეტი წარმოებისკენ. საკითხის მნიშვნელობას აჩვენებს ბაიდენის გეგმა საუდის არაბეთში ვიზიტისა და პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრის შესახებ. ადამიანთან, რომელთან სატელეფონო საუბრისგანაც თავს იკავებდა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო. 

გაუგებარია, კიდევ რამდენი ნედლი ნავთობი უნდა მიაწოდონ ბაზარს საუდის არაბეთმა ან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებმა. Aramco, საუდის არაბეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობის გიგანტი, აცხადებს, რომ შეუძლია დღეში 12 მილიონი ბარელი აწარმოოს. მან ამ დონეს მხოლოდ ერთხელ მიაღწია. რაც შეეხება გაერთიანებულ საემიროებს - ის უკვე წარმოების უმაღლეს ნიშნულზეა.

მართალია, წარმოება იზრდება ტეხასისა და ნიუ-მექსიკოს გიგანტურ პერმის აუზში, მაგრამ დანარჩენი ნავთობის ინდუსტრია სტაგნაციაშია. აშშ-ის მთლიანი გამომუშავება ჯერ კიდევ დაახლოებით დღეში 1 მილიონი ბარელით ჩამორჩება პანდემიამდელ პიკს.

საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ნავთობის მწარმოებლები მეტ ნავთობს ვერ აწარმოებენ. ზოგს ეს უბრალოდ არ უნდა. მსოფლიოს ხუთი უმსხვილესი ნავთობკომპანია წელს $81,7 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს, რაც 2013 წელს დახარჯული თანხის ნახევარია. მსხვილი ევროპული ნავთობკომპანიები კაპიტალს ნავთობის მოპოვებიდან გაიტანენ და ნახშირბადის დაბალი შემცველობის ენერგიისკენ მიმართავენ.

ასევე არის შეფერხება გადამუშავებაში. პანდემიამ აიძულა რამდენიმე მოძველებული, არაეფექტური გადამამუშავებელი ქარხანა, სამუდამოდ დახურულიყო. ამან მსოფლიოს დაუტოვა იმდენად მცირე სიმძლავრე, რომ ნავთობის ფასი აღარ არის ზუსტი მაჩვენებელი იმისა, თუ რას იხდიან მომხმარებლები. აშშ-ში ნავთობის ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 13%-ით, ბენზინზე ფასი კი მხოლოდ 6,5%-ით დაეცა.

მიწოდების მხარეს არსებული ყველა პრობლემის ფონზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. Covid-ის ორი წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ასობით მილიონი ადამიანი მოგზაურობს. ზაფხულის შუა რიცხვებში მოთხოვნა უკვე ახლოსაა პანდემიამდელ დონესთან და ჩინეთი ჯერ კიდევ სრულად არ გამოსულა ჩაკეტვისგან.

რა თქმა უნდა, ცენტრალური ბანკები ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს და გლობალური რეცესიის პერსპექტივა ინვესტორებში მოთხოვნის შემცირების შიშს იწვევს. თუმცა, ეკონომიკური ვარდნა იშვიათად იწვევს საწვავის მოთხოვნის შემცირებას. პანდემიით გამოწვეული რეცესიის გარდა, დიდი ვარდნის ერთადერთი ბოლო მაგალითია გლობალური ფინანსური კრიზისი. ჩვეულებრივ, მოხმარება უბრალოდ უფრო ნელა იზრდება.

ზოგიერთი იტყვის, რომ ნავთობის მაღალი ფასი არის ის, რაც მსოფლიოს სჭირდება წიაღისეული საწვავისგან თავის დასაღწევად. თუმცა, რეალობაში, ეს ტრანზიციას კიდევ უფრო რთულს ხდის.

ასეთ დროს, ყველაზე მეტად კლიმატმეგობრული მთავრობებიც კი მიდრეკილნი არიან გადასახადების შეღავათებისკენ და ცდილობენ, დახარჯონ მილიარდობით დოლარი ჩვეულებრივი საწვავის ხელმისაწვდომობის შესანარჩუნებლად. Bloomberg News-ის მონაცემების მიხედვით, 20-ზე მეტმა ქვეყანამ გამოყო სუბსიდიები ბენზინგასამართი სადგურების დასახმარებლად და რადგან ძვირადღირებული ნავთობი იწვევს ინფლაციას და საპროცენტო განაკვეთების ზრდას, განახლებადი ენერგიის კომპანიები კაპიტალის უფრო მაღალი ხარჯების წინაშე დგანან.

მსოფლიოში 20 მილიონი ელექტრომობილი არ არის საკმარისი ნავთობზე მოთხოვნის შესამცირებლად. BloombergNEF, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ელექტრომობილების გრძელვადიან პროგნოზს, ელოდება, რომ საგზაო ტრანსპორტის მოთხოვნა ნედლ ნავთობზე პიკს 2027 წელს მიაღწევს.

თუმცა, Citigroup-ის ვარაუდით, რეცესიის შემთხვევაში ნავთობი შეიძლება ბარელზე $65-მდე დაეცეს. ნავთობზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს მხოლოდ “მსოფლიოში ყველაზე მძიმე რეცესიის დროს”.

8 ივლისს პუტინმა სხვა გაფრთხილება გააჟღერა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც ენერგეტიკული სანქციები დააწესეს და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარს “კიდევ უარესი, გაზვიადების გარეშე, კატასტროფული შედეგებიც კი” ელოდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილ კენედი