LIVE

Gazprom-მა Nord Stream-2-ის შესახებ ევროკავშირის რეგულაციებზე დავა მოიგო

12 ივლ 202216:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1013
Gazprom-მა Nord Stream-2-ის შესახებ ევროკავშირის რეგულაციებზე დავა მოიგო
Nord Stream 2

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა Gazprom-ის საჩივარი Nord Stream 2-ის გაზსადენის შესახებ. რუსული კომპანია ეწინააღმდეგებოდა ბლოკის რეგულაციას, რომლის თანახმად, ყველა ახალი და არსებული მილსადენის მფლობელი ექვემდებარებოდა ევროკავშირის მოთხოვნებს ენერგეტიკული ბაზარზე შესასვლელად. გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო, შესაძლოა გასაჩივრდეს.

 

ევროკავშირი მოითხოვს, ერთმანეთისგან განცალკევდნენ მილსადენის მშენებელი, მფლობელი და ოპერატორი კომპანიები.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება Nord Stream 2-ის გამარჯვებაა, მისი გავლენა შეასუსტა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, რამაც აიძულა გერმანია, უარი ეთქვა პროექტის მხარდაჭერაზე. 

 

მილსადენის მშენებლობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდა, მაგრამ გერმანიის მარეგულირებელმა გადადო მისი სერტიფიცირება და განაცხადა, რომ “გაზსადენის ოპერატორის სერტიფიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპერატორი წარმოდგენილი იქნება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისი იურიდიული ფორმით”.

 

Nord Stream 2-ის მილსადენი გააორმაგებდა არსებული წყალქვეშა მარშრუტით რუსული გაზის საბადოებიდან ევროპაში გაზის მიწოდებას, მაგრამ ის უკვე რამდენიმე წელია ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში დაპირისპირების მთავარი წყაროა.

 

ის წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრამდე რუსული გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და მზად იყო დაეწყო სრულმასშტაბიანი მიწოდება დეკემბერში, მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა. პროექტის ბოლო დაბრკოლება იყო გერმანიის ენერგეტიკული მარეგულირებლისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების თანხმობა, მაგრამ თებერვალში გერმანიამ უარი თქვა მხარდაჭერაზე.

 

Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება კი კანცლერმა ოლაფ შოლცმა 22 თებერვალს მიიღო. შოლცის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა “გადააფასოს” მილსადენის სერტიფიცირება უახლესი მოვლენების გათვალისწინებით.

 

ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია Nord Stream 2-ის მილსადენის ნაწილის ექსპროპრიაციას განიხილავს. Der Spiegel-ის თანახმად, გერმანიის მთავრობა განიხილავს, Nord Stream 2-ის მილსადენები ბალტიის ზღვის სანაპიროზე თხევადი ბუნებრივი გაზის (NLG) ტერმინალთან კავშირისთვის გამოიყენოს.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბოდონი