LIVE

მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსით ნატოს 14 და EU-ს 12 ქვეყანას ვუსწრებთ - ღარიბაშვილი

11 ივლ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსით ნატოს 14 და EU-ს 12 ქვეყანას ვუსწრებთ - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საერთაშორისო ინდექსში საქართველოს პოზიციით მოიწონა თავი.

„მინდა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავაცნო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და ისაუბრა წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ინდექსებში პოზიტიურ შედეგებზე, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთელი რიგი მიმართულებით გაუარესებული პოზიცია აქვს.

კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, The Heritage Foundation-ის კვლევით, საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა.

საუბარია წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ, The Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსზე, სადაც საქართველო 14 ადგილით ჩამოქვეითდა. ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მთავრობის კეთილსინდისიერება კი ინდექსის 4 ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთის, კანონის უზენაესობის, ქვეკატეგორიაა.

Heritage Foundation-ს საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული შეფასება აქვს და წერს, რომ "პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ბევრ მოსამართლეს არ აქვს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად ან სწრაფად განხილვის უნარი". ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება „ელიტური“ კორუფცია: მაღალი თანამდებობის პირები იყენებენ კანონში არსებულ ხარვეზებს პირადი გამდიდრების, სტატუსის ან ანგარიშსწორების მიზნით.

პრემიერმა ასევე ახსენა, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის, სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. მინდა ასევე გითხრათ, რომ შედარებისთვის, წელს უკვე აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღნიშნული ინდექსი ასევე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა და მთავრობის ადმინისტრაციამ თებერვალშიც გაავრცელა ინფორმაცია ინდექსთან დაკავშირებით.