LIVE

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო ჩამოქვეითდა

16 თებ 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1146

Heritage Foundation-მა 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 14 ადგილით ჩამოქვეითდა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 71,8-ია და 2022 წლის ინდექსში 26-ე ადგილს იკავებს. საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება. 

ანგარიშის თანახმად, საქართველომ 2017 წლიდან ინდექსში 4,2 ქულა დაკარგა.

"საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ზრდის შესაშური გამოცდილება შეჩერდა. სუსტი ფისკალური სიჯანსაღისა და ბიზნესის თავისუფლების შემცირების გამო, საქართველოში 2017 წლიდან დაფიქსირდა ეკონომიკური თავისუფლების საერთო კლება 4,2 პუნქტით და “ძირითადად თავისუფალი” კატეგორიის მეორე ნახევარში ჩამოვიდა. ვაჭრობის თავისუფლებისა და საგადასახადო ტვირთის ქულები მყარი რჩება, მაგრამ სასამართლო ეფექტურობა და შრომის თავისუფლება საჭიროებს გაუმჯობესებას”,- ნათქვამია ანგარიშში.

Heritage Foundation-ის მიხედვით, "პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ბევრ მოსამართლეს არ აქვს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად ან სწრაფად განხილვის უნარი".

მთავარ გამოწვევად სახელდება „ელიტარული“ კორუფცია საქართველოში: მაღალი თანამდებობის პირები იყენებენ კანონში არსებულ ხარვეზებს პირადი გამდიდრების, სტატუსის ან ანგარიშსწორების მიზნით. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბიზნეს დავები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. 

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მოიცავს 12 კრიტერიუმს - საკუთრების უფლებიდან ფინანსურ თავისუფლებამდე - 184 ქვეყანაში.