
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე საწვავის ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, როდის აისახება საქართველოში საწვავის ფასებზე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფება, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ომამდელთან შედარებით ნავთობის ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
„ყოველთვის საერთაშორისო ფასს მივყვებით. ამ შემთხვევაშიც, საერთაშორისო ფასს გავყვებით. გაიაფდება საწვავი, ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, იმასთან შედარებით, რაც რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამან კი ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც ჩვენზე - კომპანიებზე, ასევე მოსახლეობაზე. ომამდელ პერიოდთან შედარებით, ორ-ნახევარჯერ მეტი საბრუნავი სახსრები გვჭირდება, აქ მილიონებზეა საუბარი. ომის დამთავრებამდე როგორ შეიძლება ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი დადებითი გაუმჯობესება მოხდეს, არ ვიცი, დავაკვირდეთ.
ძალიან გვინდა, რომ საწვავი ღირდეს უფრო იაფი. ჩვენ დღემდე ვცდილობთ, გვინდა ვიპოვოთ ისეთი წყარო საწვავის, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ევროპული, რომელიც შემოგვაქვს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი იაფდება. ამ დროისთვის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $102-ია. წინა დღეებში კი ფასი $100-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ზოგიერთი პროგნოზის თანახმად, ფასი შესაძლოა ბარელზე $70-ზე დაბლა დაეცეს.