LIVE

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლაზე ვეტოს დადებით ისევ იმუქრება

05 ივლ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1111
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლაზე ვეტოს დადებით ისევ იმუქრება
Bloomberg

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე ვეტოს დადებით იმუქრება, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ალიანსმა მათ გზა ოფიციალურად გაუხსნა. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თუ ფინეთი და შვედეთი მადრიდში ხელმოწერილ მემორანდუმს არ დაიცავენ და ტერორიზმთან ბრძოლისა და ეჭვმიტანილების ექსტრადიციის შესახებ პირობას არ შეასრულებენ, თურქეთი მათი წევრობის რატიფიცირებაზე უარს იტყვის. 

"მათ უნდა შეასრულონ ეს დოკუმენტი, თუ ეს არ მოხდა, არ მივცემთ ნატოში გაწევრიანების საშუალებას", - განუცხადა ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია NTV-ს.

დღეს ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე 30-ვე მოკავშირემ ხელი მოაწერა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლებს. შედეგად ფინეთსა და შვედეთს ნატოს თითქმის ყველა შეხვედრაზე დასწრების საშუალება ექნებათ. შემდეგი ნაბიჯი ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ მათი წევრობის რატიფიცირება იქნება. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქვს იმედი, ყველა მოკავშირე სწრაფად მოახდენს რატიფიკაციას და პროცესს ერთი წელი არ დასჭირდება.

მადრიდში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, თურქეთის საფრთხემ შესაძლოა წევრობის პროცესი მაინც გაართულოს. თურქეთში ერთ წელზე ნაკლები რჩება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე. თუ ერდოღანი მკაცრ პოზიციას დაიჭერს, შესაძლოა, ამან ნაციონალისტურ წრეებში მისი მხარდაჭერა გააძლიეროს. 

ერდოღანის განცხადებით, შვედეთი ცოტა ხნის წინ თურქეთს დაჰპირდა, რომ გადასცემს ათობით ადამიანს, რომელსაც თურქეთი ტერორისტად მიიჩნევს. 

"შვედეთი დაგვპირდა, რომ გადმოგვცემს 73 ადამიანს. მივადევნებთ თვალს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - თქვა ერდოღანმა. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მემორანდუმში, ისევე როგორც მადრიდში მოლაპარაკებების დროს, გადასაცემი პირების კონკრეტული რიცხვი ან სიები აღნიშნული არ ყოფილა. 

"ფინეთი და შვედეთი განიხილავენ დეპორტაციის ან ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციის თურქეთის მიმდინარე მოთხოვნებს სწრაფად და საფუძვლიანად, თურქეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, მტკიცებულებებისა და დაზვერვის გათვალისწინებით და ჩამოაყალიბებენ აუცილებელ ორმხრივ სამართლებრივ ჩარჩოებს, რათა ხელი შეუწყოს თურქეთთან ექსტრადიციასა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად", - ნათქვამია თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში.

შვედეთის უზენაესი სასამართლო ბოლო ათწლეულის განმავლობაში თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნების დიდ ნაწილს უარყოფდა. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს შვედეთის კანონების დაცვას ნებისმიერი პეტიციის განხილვის შემთხვევაში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სელკან ჰაჩაოღლუ და ნიკლას როლანდერი