LIVE

EU უკრაინას დაუყოვნებლივი დახმარების სახით 1 მილიარდ ევროს სთავაზობს

02 ივლ 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 786
EU უკრაინას დაუყოვნებლივი დახმარების სახით 1 მილიარდ ევროს სთავაზობს
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

ევროკავშირი უკრაინას 1 მილიარდი ევროს ($1,04 მილიარდი) მოკლევადიან ფინანსურ დახმარებას სთავაზობს. მიზანი ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის გადაუდებელი ფულადი საჭიროებების დაკმაყოფილებაა. მოლაპარაკება გრძელდება დახმარების უფრო დიდ პაკეტზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დახმარების გეგმის პირველი ნაწილი “მოგვცემს საშუალებას, დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებს”.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში მხარს უჭერს მისი, როგორც დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის აღდგენას”, - განაცხადა ლაიენმა.

უკრაინას თანხები გრძელვადიანი სესხების სახით ხელსაყრელი პირობებით მიეწოდება. ევროკავშირის ბიუჯეტი დაფარავს საპროცენტო ხარჯებს, ხოლო სესხის 70%-ზე დაიფარება ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.

დახმარების აღნიშნული პაკეტი შემუშავდა მას შემდეგ, რაც გერმანიამ დაბლოკა წინადადება, რომელიც 8,8 მილიარდ ევროს სესხს მოიცავდა. კომისია კვირების განმავლობაში ითხოვდა უკრაინისთვის უფრო დიდი მოცულობის ანაზღაურების გადაცემას. მცდელობა ჩაიშალა, რადგან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს უჭერს გრანტებს უკრაინის ვალის ტვირთის შესამსუბუქებლად და კამათობს გარანტიების გამოთვლასა და სტრუქტურაზე.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ უკვე დაუშვა 1 მილიარდი ევრო უკრაინისთვის, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დამატებითი დახმარების შესახებ მოლაპარაკებების წინსვლისას.

ევროკავშირის დახმარების უფრო დიდი პაკეტი მიზნად ისახავს, შეიტანოს წვლილი უკრაინის 2022 წლის ფინანსური ჩამორჩენის დაფარვაში, რომელიც შეფასებულია დაახლოებით 10 მილიარდ დოლარად. კომისია საკრედიტო ხაზის დასაფინანსებლად ბაზარზე თანხების მოზიდვას მიმდინარე ზაფხულში შეეცდება.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ეწურება დაფინანსების ვარიანტები, რადგან ომი გრძელდება და ქვეყანა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული გარე დახმარებაზე. უკრაინელი ოფიციალური პირები იკვლევენ ვალის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას, როგორც ტვირთის შემსუბუქების გზას საერთაშორისო ინვესტორებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის.

ევროკავშირის სახსრები დაემატება საკრედიტო ხაზს 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც კიევს მიმდინარე წლის დასაწყისში გადაეცა. Bloomberg-ის ინფორმაციით, სასესხო პროგრამა მოიცავს 25 წლიან ვადას, 10 წლიანი საშეღავათო პერიოდით ძირის დასაბრუნებლად.

G7-ის ქვეყნებმა უკრაინის დასახმარებლად $20 მილიარდის ფინანსური ვალდებულება აიღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ხორხე ვალერო და ალბერტო ნარდელი