LIVE

თურქეთი რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლის მოპარვისა და გაყიდვის ბრალდებას სწავლობს

23 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
თურქეთი რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლის მოპარვისა და გაყიდვის ბრალდებას სწავლობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის მოპარვისა და საზღვარგარეთ გაყიდვის საკითხს სწავლობს. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს თურქეთშიც, თუმცა, ჯერჯერობით მოპარული მარცვლეული არ უპოვიათ.

როგორც ანკარაში უკრაინის ელჩმა თვის დასაწყისში განაცხადა, თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს. უკანონო ტვირთბრუნვაში ჩართული პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად, მან დახმარებისთვის თურქეთის ხელისუფლებასაც მიმართა.

რუსეთი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ მარცვლეული არ მოუპარავთ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოპარული მარცვლეული თურქეთის პორტში არ შესულა. მისივე თქმით, გამოძიების შესახებ კიევს უკვე აცნობეს.

„ყველა ბრალდება შევისწავლეთ და მათზე დაყრდნობით ვაწარმოვეთ მოკვლევა. გამოძიებაზე დაყრდნობით, ვნახეთ, რომ გემების გამოსვლის ადგილი, ისევე როგორც პროდუქტის წარმომავლობა, რუსულია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ თურქეთი სასტიკად ეწინააღმდეგება უკრაინული მარცვლეულის და ნებისმიერი პროდუქტის რუსეთის ან სხვა ქვეყნის მიერ მითვისებას. მან გადაჭრით აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან ასეთი პროდუქტის რაიმე ფორმით ათვისება გამორიცხულია.

კიევი ემადლიერება ანკარას ომის შესაჩერებლად გაწეული დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერისთვის, მათ შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის, თუმცა აკრიტიკებს მის თავშეკავებულ პოზიციას, რადგან ქვეყანა დასავლეთის სანქციების ტალღას არ შეუერთდა.

რუსეთი და უკრაინა კონფლიქტამდე ხორბლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 1/3-ს აწარმოებდნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 20 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის მიწოდება შეჩერებულია.

მარცვლეულის მიწოდების შეფერხება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის. ამის გამო დასავლეთი რუსეთს ღიად ადანაშაულებს. 

გაერომ ორივე ქვეყანასა და მათ საზღვაო მეზობელ თურქეთს მიმართა, რათა შექმნან საზღვაო კორიდორი შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის ხელშესაწყობად. მინისტრ ჩავუშოღლუს განმარტებით, ანკარა აწარმოებს მოლაპარაკებას მოსკოვთან ამ საკითხთან დაკავშირებით სტამბულში ოთხმხრივი შეხვედრის გასამართად.  უკრაინა დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთი პირობას შეასრულებს და გემებს უსაფრთხოდ გაატარებს.