LIVE

საინვესტიციო პროექტების გზამკვლევი

22 ივნ 202212:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 726
საინვესტიციო პროექტების გზამკვლევი

ბიზნესების მხარდამჭერი კომპანია - Georgian business platform (GBP), მიზნად ისახავს, სხვადასხვა ბიზნესმომსახურების შეთავაზებით, საქმიანი ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობას და განვითარებას ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის.

პლატფორმის დამფუძნებელი, სოფიო ტაბატაძე განმარტავს თუ როგორ იქმნება ბიზნესმომხმარებელთა ინტერესებზე დაყრდნობით შექმნილი ინდივიდუალური სერვისები და რა როლი აქვს პლატფორმის მიერ შემუშავებულ საქართველოს საინვესტიციო რუკას - მდგრადი, საიმედო და მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნაში.

Georgian Business Platform საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს. როგორ გაჩნდა პლატფორმის შექმნის იდეა და რა იყო მთავარი მიზანი?

GBP-ის დაფუძნების მთავარ მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო ერთი საერთო სივრცე, რომელშიც სხვადასხვა ბიზნესსერვისი გაერთიანდებოდა. ამ სერვისების სისტემატიზირებამ გაუმარტივა დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო ბიზნესის მოძიება, როგორც ინვესტირების, ისე სავაჭრო ბიზნესპარტნიორის მოძიების კუთხით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სამუშაო, რაც მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების გაძლიერების მხრივ გავწიეთ.

თქვენი სერვისების ოთხი ძირითადი მიმართულებაა 1) საქართველოში ბიზნესპარტნიორის პოვნა 2) საქართველოში ბიზნესის წარმოების ხელშეწყობა 3) საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება და 4) ბიზნესაქტივობების ორგანიზება საქართველოში. თქვენი კომპანიის არსებობის განმავლობაში, რომელ მთავარ მიღწევებს გამოყოფდით?

ბაზარზე დიდი კონკურენციაა. შესაბამისად, სანდოობისა და ცნობადობის მოსაპოვებლად დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო. ჩვენ მცირე ზომის კომპანია ვართ. განვითარების კუთხით, ჯერ კიდევ ბევრი მიმართულებაა დასახვეწი. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებულ მოცემულობაში ჩვენი ინოვაციური და თანამედროვე მიდგომა, გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს და კონკურენტუნარიანს გვხდის ბიზნესმომსახურებების გამწევ სხვა ორგანიზაციებთან მიმართებაში.

მთავარ მიღწევად კი გამოვყოფდით საქართველოს ციფრულ საინვესტიციო რუკას, რომელიც ბაზარზე პირველია და საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ პირებს დიდ შესაძლებლობას აძლევს მოიკვლიონ მათთვის სასურველ სფეროში არსებული საინვესტიციო პროექტი.

როგორ მუშაობს ეს სისტემა?

აღნიშნული რუკა, ცოტა ხნის წინ შეიქმნა ჩვენს ვებგვერდზე. ამ პროექტის ცნობადობის გასაზრდელად ჯერ-ჯერობით მცირე მარკეტინგული აქტივობაა ჩატარებული. თუმცა, ამის მიუხედავად, დროის მცირე მონაკვეთში, დაინტერესება ორივე მხრიდან მოსალოდნელზე ბევრად მეტია. სისტემა კი შემდეგნაირია - ნებისმიერი პირი საქართველოში, რომელსაც აქვს საინვესტიციო პროექტი, სრულიად უფასოდ არეგისტრირებს მას ჩვენს ვებგვერდზე. იმის გათვალისწინებით, რომ რუკა ციფრულია, ინვესტორის მაძიებლებს და პოტენციურ ინვესტორებს დიდი დროის, ხარჯის და რესურსის დაზოგვის საშუალებას აძლევს, რადგან სექტორების და საინვესტიციო ბიუჯეტის მიხედვით სეგმენტირებული პროექტების დეტალები პირდაპირ მოცემულია თითოეული პროექტის დეტალურ ინფორმაციაში.

რა გავლენა იქონია პანდემიამ ქართულ ბიზნესგარემოზე (განსაკუთრებით უცხოური ინვესტიციების მიმართულებით) - რა გამოწვევები გაჩნდა?

არ იქნება ახალი თუ ვიტყვი, რომ პანდემიამ არა მხოლოდ ქართულ ბაზარს, არამედ ზოგადად მსოფლიოს ბიზნესსამყაროს გაუჩინა დიდი თავსატეხი. პანდემიამ სრულად შეცვალა ტრადიციული ბიზნესი. თუმცა, ინტენსიურად ნეგატიური გავლენის მიუხედავად, ახალი ბიზნესეპოქის შენებაში პანდემიამ საინტერესო და თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს.

რა როლი უჭირავს კორპორაციულ პასუხისმგებლობას თქვენს ბიზნესფილოსოფიაში?

როდესაც დავსვით კითხვა - რისთვის ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ? რა არის ჩვენი მიზანი? პასუხად მივიღეთ - მეტი განხორციელებული საინვესტიციო პროექტი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის და სოციალური კეთილდღეობისთვის; შესაბამისად, იდეაზე მუშაობა დავიწყეთ და საბოლოოდ შევქმენით საქართველოს ციფრული საინვესტიციო რუკა, რომელზე წვდომაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს. რუკის საშუალებით მათ შეუძლიათ სრულიად უფასოდ ნახონ პროექტების ნუსხა სხვადასხვა სექტორში, რაც, ცხადია, პირდაპირ აისახება უცხოური ინვესტიციების ზრდაზე და გრძელვადიან მდგრად განვითარებაზე.

კორპორაციულ პასუხისმგებლობას ბიზნესის მდგრადობაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. დღის ბოლოს, ყველა კომპანიის წარმატებას ის სოციალური კეთილდღეობა განაპირობებს, სადაც ის არსებობს. ჩვენ გამოცდილებას რაც შეეხება, მხოლოდ ქალები გვყავს დასაქმებული, მათ შორის შშმ სტატუსის მქონე, რომელიც გრაფიკული დიზაინის მომსახურებას გვიწევს. გეგმები დიდია, სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო და მდგრადი განვითარების პრინციპებზე მორგებულ ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ საზოგადოებას.

როგორ შეუძლია ბიზნესს სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა აქტორებთან თანამშრომლობა და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პარტნიორობები სხვადასხვა სექტორში?

თანამედროვე სამყაროში, საერთო მიზნებისთვის თანამშრომლობა უმთავრესია, ყველა ნათლად ვხედავთ არსებულ პრობლემებს და ვფიქრობთ, რომ გადარჩენის შესაძლებლობა მხოლოდ ერთად განხორციელებულ კეთილ საქმეებშია.

და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება არსებულ კრიზისს ბიზნესის კეთებაზე საქართველოში? რა არის თქვენი მოლოდინები?

ჩვენი მოლოდინით, პოსტპანდემიურ საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა მკაფიოდ თქვას თავისი სათქმელი ახალი ბიზნესკულტურის ჩამოყალიბებაში. ვინ იცის, იქნებ სამაგალითოც კი აღმოვჩნდეთ განვითარებული ქვეყნებისთვის.

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ყოველკვარტალური ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.