LIVE

I კვარტალში მშპ ერთ სულ მოსახლეზე $1250-ია - საქსტატი

20 ივნ 202212:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 815
I კვარტალში მშპ ერთ სულ მოსახლეზე $1250-ია - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე ფასებში 14 მილიარდ 354 მილიონ ლარს ($4 მლრდ 610 მლნ) გაუტოლდა და საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა. ხოლო მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 3 891.6 ლარი ($1 249.9) შეადგინა.

I კვარტალში წლიურად 8.7%-ით გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად გაიზარდა ფასები ადგილობრივი წარმოების საქონელსა და მომსახურებაზე.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურას, ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა, რომელზეც მშპ-ს 14.8% მოდის. შემდეგია დამამუშავებელი მრეწველობა 12%-ით და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 10.1%-ით. სახელმწიფო მმართველობა მშპ-ს სტრუქტურაში 7.3%-იანი წილითაა წარმოდგენილი.

პირველ კვარტალში რეალური მშპ-ს 14.9%-ით ზრდა შემდეგი დარგებითაა განპირობებული: ტრანსპორტი და დასაწყობება (ზრდა 29.4%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (54.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (47.9%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (70.3%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (8.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (13.2%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (18.8%), განათლება (18.2%) ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (7.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%), მშენებლობა (7.3%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (24.9%).

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გათვლებით, 2022 წლის ბოლოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე $5 500-მდე გაიზრდება. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ "2022 წლისთვის, მშპ-ს მოცულობა 65 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც ისტორიული მაქსიმუმია და პირველად, მშპ ერთ სულ მოსახლეზე $5 500 დოლარს შეადგენს", რაც „ფაქტ-მეტრის" შეფასებით, ტყუილია, რამდენადაც, პრემიერი 2022 წლის ნომინალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ეკონომიკური ზრდის დინამიკის მოსალოდნელ წარმატებას უსვამს ხაზს. მსგავსი მიდგომა კი შინაარსს მოკლებულია.

"ისტორიულ მაქსიმუმზე საუბარი ბუნებრივად გულისხმობს მაჩვენებლის წინა წლებთან შედარებას, ამ მიზნით ნომინალური მაჩვენებლის გამოყენება კი კომპეტენციის ნაკლებობით ან მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობით აიხსნება",- აღნიშნულია „ფაქტ-მეტრის" შეფასებაში.