LIVE

ჩინეთმა მაისში რუსულ ენერგიაში $7.5 მლრდ გადაიხადა

20 ივნ 202213:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 742
ჩინეთმა მაისში რუსულ ენერგიაში $7.5 მლრდ გადაიხადა

ჩინეთი კიდევ უფრო მეტ რუსულ ენერგიას ყიდულობს. მაისში ქვეყანამ ენერგორესურსებში რუსეთს $7.47 მილიარდი გადაუხადა, რაც გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, აპრილთან შედარებით კი დაახლოებით 1 მილიარდით მეტია. 

მაშინ, როცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რამდენიმე თვეა მყიდველები ერიდებიან რუსული ენერგიის ყიდვას, პეკინი აგრძელებს მოსკოვის იზოლირებული მთავრობის მხარდაჭერას. ჩინეთში კოვიდრეგულაციების შემსუბუქებამ, ლოჯისტიკური დაბრკოლებების დაძლევამ და სამრეწველო წარმოების აღდგენამ საწვავზე მოთხოვნა გაზარდა. 

ჩინეთში რუსეთიდან მთლიანი იმპორტი მაისში 80%-ით, $10,27 მილიარდამდე გაიზარდა. დღეს გამოქვეყნებული ჩინეთის საბაჟო მონაცემების თანახმად, ნედლი ნავთობის იმპორტი, წინა წელთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა და 8,42 მილიონ ტონას მიაღწია. შედეგად რუსეთი ჩინეთის ნავთობის მთავარი წყარო გახდა. ამ დრომდე ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი საუდის არაბეთი იყო.

რუსული თხევადი გაზის გაყიდვები 54%-ით გაიზარდა და 397 000 ტონას მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ამ ტიპის ენერგიის ყიდვა 28%-ით შეამცირა. 

გაზის მოცულობა არ მოიცავს მილსადენით მიღებული ბუნებრივი აირის იმპორტს, რომელიც წლის დასაწყისიდან საბაჟოს არ აღურიცხავს, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთიდან ჩინეთში ენერგიის იმპორტის უდიდესი წილი სწორედ მასზე მოდის. 

მაისში ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობაში შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:

  • რუსეთიდან ჩინეთში ნახშირის მთლიანი იმპორტი 5,2%-ით შემცირდა და 4,73 მლნ ტონა შეადგინა;
  • რუსეთიდან ფოლადის მრეწველობისთვის ქვანახშირის იმპორტი გაიზარდა 1,71 მილიონ ტონამდე, რაც გასულ წელთან შედარებით 70%-იანი ზრდაა;
  • ჩინეთმა ასევე მეტი ნახშირი იყიდა მონღოლეთიდან მას შემდეგ, რაც მთავარ სასაზღვრო გადასასვლელებზე Covid-ის შეზღუდვები შემსუბუქდა;
  • რუსეთიდან გადამუშავებული სპილენძის იმპორტი 15%-ით გაიზარდა და 31 267 ტონა შეადგინა;
  • რაფინირებული ნიკელის იმპორტი თითქმის 90%-ით, 300 ტონამდე შემცირდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია;
  • ალუმინის იმპორტი 21%-ით შემცირდა და 32 713 ტონა შეადგინა;
  • პალადიუმის იმპორტი გაიზარდა 19%-ით, 769 კგ-მდე;
  • ხორბლის იმპორტი 87%-ით შემცირდა და 1883 ტონა შეადგინა;

ევროპული სანქციების ფონზე, აზიაში რუსული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. ინდოეთი, რომელიც რუსული ნავთობის უმნიშვნელო მყიდველი იყო, ახლა ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

ჩინეთი რუსეთის წყნარი ოკეანის სანაპიროს პორტებიდან გადაზიდული ნედლი ნავთობის ერთადერთი ბაზარი გახდა, ხოლო ინდოეთი დასავლეთ სანაპიროების პორტებიდან გატანილი ნავთობის უმსხვილესი მყიდველია.

აზიელი მყიდველები, რომლებშიც ეს ორი ქვეყანა დომინირებს, ახლა რუსეთის პორტებიდან გადაზიდული ნედლი ნავთობის ნახევარს იღებენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შაო სიბენ