
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ქინდერის“ საეჭვო პარტია ბაზრიდან სრულად ამოღებულია.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ უწყებაში განუცხადეს, შესაბამისი ზომები გატარდა შოკოლადის კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით, რომლებიც სავარაუდოდ Salmonella Typhimurium-ით იყო დაბინძურებული.
„ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით პრობლემა სრულად ამოწურულია“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში სააგენტომ განაცხადა, რომ Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ შეტყობინება მიიღო. შედეგად, სააგენტომ 472 კგ. „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დალუქა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ პირველი შეტყობინება, RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, მიმდინარე წლის 7 აპრილს მიიღო, რის შემდეგაც კონკრეტული პარტიის მოკვლევის პროცედურები დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, მაშინ საქართველოს ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.