
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აპრილს მიიღეს შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ. შესაბამისი სიგნალი, სააგენტოს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემიდან მიუვიდა.
„კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დავიწყეთ - იმპორტიორ კომპანიებს მივაწოდეთ ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ და დავავალეთ შოკოლადის პროდუქტის (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ არაგეგმურ ინსპექტირებასა და ზედამხედველობას აღნიშნული შოკოლადის იმპორტიორ ბიზნესოპერატორებთან.
ევროპაში, კერძოდ კი დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში. სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან.
აღნიშნულის გამო, განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.