LIVE

სურსათის სააგენტომ 472 კგ. „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დალუქა

06 მაი 202215:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1395
სურსათის სააგენტომ 472 კგ. „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში იმპორტირებული  „ქინდერის“ საეჭვო პარტიები დალუქა და მომხმარებლებს მოუწოდებს, უკვე შეძენილი შოკოლადი არ გამოიყენონ.

სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინება რომელიც Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა, 28 აპრილს მიიღეს. ინსპექტორებმა 29 აპრილს შეამოწმეს იმპორტიორი კომპანიის, შპს „ბადი კომპანის“ სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტი.

შემოწმებისას, სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კგ. შემდეგი დასახელების შოკოლადი:

KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER; SCHOKOBONS G125X16; HANGING BAG BASE.

„სააგენტოს ზედამხედველობით, გრძელდება იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.

28 აპრილს RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებულ შეტყობინებაში მითითებული შოკოლადის პროდუქტის ერთ შემთხვევაში ვარგისიანობის ვადად განსაზღვრულია 25.07.2022.  ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პარტია KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2, 5X12 PIECE CHRISTMAS, პარტიის №L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, სრულად არის რეალიზებული.

სააგენტომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მყისიერად გაავრცელა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებელს, აღნიშნული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია არ გამოიყენოს“, - აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.  

შეგახსენებთ, ევროპაში, კერძოდ კი დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში. სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.