LIVE

FAO-ს გენერალური დირექტორი: დეფიციტი, ალბათ, მომავალ წელსაც გაგრძელდება

02 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 702
FAO-ს გენერალური დირექტორი: დეფიციტი, ალბათ, მომავალ წელსაც გაგრძელდება

"ომის ყოველი დღე უკრაინაში უარყოფითად აისახება გლობალური სურსათის უსაფრთხოებაზე",- აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ ღია წერილში.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და რუსეთზე ხორბლის გლობალური ექსპორტის დაახლოებით 30% და სიმინდის ექსპორტის 20% მოდის, FAO-ს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ შექმნილი დეფიციტი გახანგრძლივდება.

"დეფიციტი, ალბათ, მომავალ წელსაც გაგრძელდება. FAO-ს გამოთვლების მიხედვით, უკრაინაში ზამთრის კულტურების, განსაკუთრებით კი, ხორბლის მოსავალი, შეიძლება, 20%-ით ნაკლები იყოს. ხოლო ფერმერები უკრაინაში, დიდი ალბათობით, მაისში თესვის სეზონს გამოტოვებენ. ეს მსოფლიო საკვების მარაგებს უფრო მეტად შეამცირებს და სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და მის მიღმა,"- ნათქვამია წერილში.

აქვე ხაზგასმულია, რომ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დაბალი შემოსავლისა და სურსათის დეფიციტის მქონე 50-მდე ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უკრაინისა და რუსეთისგან მარცვლეულის მიწოდებაზე.

თავის მხრივ, ენერგეტიკის, სასუქისა და სურსათის სექტორებში მოსავლის მდგომარეობის, ექსპორტის ხელმისაწვდომობასა და ინფლაციასთან დაკავშირებული გარკვეული შიშების გამო, სურსათზე ფასი უკვე მომატებული იყო. ხოლო, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომმა ძირითადი მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების ბაზრებზე შოკი გამოიწვია, სურსათზე ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და მარტში ისტორიულ პიკს მიაღწია.

"სურსათის უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების შესარბილებლად, საჭიროა დაუყოვნებელი და, რაც მთავარია, ერთიანი, კოორდინირებული ქმედებები და ნაბიჯები. FAO-მ კი ამ მიმართულებით კრიტიკული როლი უნდა ითამაშოს. მნიშვნელოვანია, საკვებისა და სასუქის მიწოდების ჯაჭვი არ გაწყდეს. ადგილობრივმა და გლობალურმა ბაზრებმა უნდა განაგრძონ ვაჭრობა და მომარაგება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით. ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა და მსოფლიომ უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად უნდა მართონ ბუნებრივი რესურსები. ეს უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასების შემცირებას, არამედ, ინოვაციების ხელშეწყობას და გაძლიერებასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპორტის შემთხვევაში,"- მიიჩნევს კუ დონჟუ. 

მისი თქმით, აუცილებელია, გაიზარდოს საარსებო საშუალებების მდგრადობა და გამძლეობა, რაც შესაძლებელი იქნება პრევენციით, მზადყოფნითა და მდგრადი განვითარებისკენ რეაბილიტაციით; ასევე, ფერმერებისა და სოფლის ეკონომიკის დახმარებით, რომ ისინი უფრო მოქნილები, ეფექტურები და ინოვაციურები გახდნენ.