
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit-ი საქართველოში სერვისცენტრს გახსნის,- ამის შესახებს „ბიზნეს ფორმულას“ „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ განუცხადა.
სერვისცენტრის გახსნის თაობაზე Bybit-თან მოლაპარაკებები სწორედ „კრიპტო ბაზარმა“ დაიწყო. ავთანდილ კუჭავას თქმით, ქვეყანაში ჩამოყალიბდება ჰაბი, რომელიც საქართველოსთან ერთად, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებს მოემსახურება.
„Bybit-ი მზად არის, საქართველოში სერვისცენტრი გახსნას. თანახმაა, ქართული ბაზრისთვის სპეციალური ფონდი შექმნას. მათი ინტერესია კავკასიის რეგიონი, საქართველო კი იქნება ცენტრი. ახლა ყველაფერი მთავრობასა და რეგულატორზეა დამოკიდებული, რომლებმაც Bybit-ს ლიცენზია უნდა მისცენ“, - აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ.
„კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებლის განცხადებით, ლიცენზიის მიღებას 3-დან 7 თვემდე პერიოდი დასჭირდება.
მისი თქმით, Bybit-ის საქართველოში შემოსვლის შემდეგ, ქვეყანაში საერთაშორისო კრიპტოვალუტის ბირჟების შემოყვანა გამარტივდება.
„ჯერჯერობით ბაზარზე არავინაა და დატესტვას ყველა თავს არიდებს. Bybit-ის შემდეგ სხვების მოწვევა მარტივი იქნება. გარდა ამისა, გაუმჯობესდება მომხმარებლების უსაფრთხოება - ანგარიშების დაცვა, ასევე მომსახურება“, - განაცხადა ავთანდილ კუჭავამ და აღნიშნა, რომ Bybit-ის შემოსვლის შემდეგ, მხოლოდ სერვისცენტრში 30 ადამიანი დასაქმდება, ირიბად კი 100-დან 150-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.