LIVE

მოსაზრება: რატომ დატოვა პუტინის გემი ასე ცოტა ვირთხამ

29 მაი 202220:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 5391
მოსაზრება: რატომ დატოვა პუტინის გემი ასე ცოტა ვირთხამ

როდესაც ბორის ბონდარევის მსგავსი ფიგურა, ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რუსი მრჩეველი, საკუთარ დამსაქმებელს (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს) და ქვეყანას კარს უჯახუნებს, ბუნებრივია ისმის კითხვა - უკრაინაში შეჭრიდან სამი თვის შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სისტემას ბზარები ხომ არ უჩნდება?

ამ კითხვაზე პასუხია - არა. მიუხედავად არც თუ ისე წარმატებული შეჭრისა, რეჟიმისგან გაქცეულების რიცხვი საკმაოდ ცოტაა. რუსული ისტაბილშმენტი აფეთქებას არ აპირებს.

ბონდარევი, დიპლომატი, რომელიც იარაღის კონტროლშია სპეციალიზებული, ყველაზე მაღალი რანგის საგარეო მინისტრია, რომელიც რეჟიმს განუდგა. არცერთ სხვა მინისტრის მოადგილეს ან ელჩს არ მიუტოვებია გემი. მეტიც, მინისტრმა სერგეი ლავროვმა გვერდით გადადო დიპლომატიაზე ყოველგვარი პრეტენზია და ომის მომხრე პროპაგანდას სრული განაკვეთით შეუერთდა.

სხვა საყურადღებო გაქცეულებს შორის არიან ანატოლი ჩუბაისი, უფროსი საჯარო მოხელე, რომელმაც ჩუმად დატოვა თავისი ბოლო, უმნიშვნელო თანამდებობა და წავიდა რუსეთიდან ისე, რომ ომის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს. თუმცა, რამდენიმე პროპაგანდისტი და სახელმწიფო ტელევიზიის ოფიციალური პირი გემიდან სანახაობრივად გადახტა, მაგალითად პირველი არხის მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც პირდაპირი ეთერი ომის საწინააღმდეგო პოსტერით შეაფერხა.

ასევე, გაქცეულების სიაში არიან ბიზნეს ფიგურები, რომლებმაც დაგმეს უკრაინაში შეჭრა, მათ შორის ყველაზე გამოჩენილი ოლეგ ტინკოვია. თუმცა, ის ვინც გაქცეულთა სიაში მინისტრების, გენერლების, სახელმწიფო ტელევიზიის აღმასრულებლების, პრეზიდენტის თანაშემწეებისა და ოლიგარქების ძებნას დაიწყებს, იმედგაცრუებული დარჩება. რა თქმა უნდა, რამდენიმე ათეულმა კულტურის ფიგურამ დატოვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამსახური და რუსეთი, თუმცა ისინი კრემლისთვის მარტივად ჩანაცვლებადები არიან.

თუ ვირთხები არ გარბიან, გემი არ იძირება, სულ მცირე, ვირთხების აზრით. ისინი დამარცხების სუნს ელოდებიან და მიუხედავად რუსეთის სამხედრო წარუმატებლობისა, ამას ვერ გრძნობენ. მოწინავე ბიუროკრატებმა, მენეჯერებმა და ბიზნეს ლიდერებმა იციან პუტინის მსახურების ფასი და ასევე მისი საჯაროდ უარყოფის საფრთხეები.

ერთი მხრივ, პუტინის სისტემა ორი ათწლეულის მანძილზე კვებავდა და ათვინიერებდა თავის ხალხს. მეორე მხრივ, გაურკვეველია, რას მოიგებს რუსი გენერალი ან მინისტრი ომის დაგმობით, რომელსაც რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს.

ამასთან, საჭირო არ არის ინტელექტუალური გიგანტი იყო იმის მისახვედრად, რომ მიუხედავად გემიდან გაქცეულების მიმართ მიმღებლობისა, მაინც არავის აქვს თბილი გრძნობები მათ მიმართ. ყველანაირი მხარდაჭერა სინამდვილეში ხერხია, რომ რეჟიმისგან განდგომა უფრო მიმზიდველი გახდეს. მაშინვე, როცა ეს მიზანი შესრულდება, პუტინის დიდი ხნის მსახურებს დასავლეთში არანაირი მომავალი აღარ ექნებათ.

მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში რუსული ისტებლიშმენტის ზოგიერთი ფიგურა, მაგალითად, ეგრეთ წოდებული "სისტემური ლიბერალები", ომის წინააღმდეგი არიან, მათი საუკეთესო ფსონი ჩუმად ყოფნა და დალოდებაა. ჯერჯერობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომმა პუტინის ჩანაცვლება გამოიწვიოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ის ბერდება და, როგორც ამბობენ, სხვადასხვა დაავადებით იტანჯება. ვინც პოსტ-პუტინური ღვეზელის ნაჭრის ხელში ჩაგდებით დაინტერესებულია, როცა დაჭრა დაიწყება, მოსკოვში უნდა იყოს ან მასთან საკმარისად ახლოს.

მათთვის, ვინც ლოდინის თამაშს თამაშობს, გემი ბევრად მეტმა ადამიანმა უნდა დატოვოს, სანამ ისინი სხვლას გააკეთებენ. ეს სვლა კი უფრო სავარაუდოა რომ ძალაუფლებისთვის იყოს, ვიდრე გასაქცევად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეონიდ ბერშიდსკი