
სრულად ვიზიარებთ მთავრობის წუხილს საწვავის გაძვირების თაობაზე და ვართ შეშფოთებულნი გლობალურ ნავთობ პროდუქტების ბაზარზე მიმდინარე შოკური ცვლილებების გამო,- ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ „რომპეტროლში“ კონკურენციის სააგენტოს ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადეს.
„რომპეტროლში“, რომელიც რუმინეთიდან საქართველოში საწვავის ერთადერთი იმპორტიორია, განმარტავენ, რომ კომპანია მარაგდება ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი საწვავით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და შესაბამისად აქვს მაღალი თვითღირებულება.
რაც შეეხება საწვავის გადაყიდვას, „რომპეტროლის“ განცხადებით, აკავშირებს გრძელვადიანი თანამშრომლობა მცირე რაოდენობისა და ზომის კომპანიებთან.
„რომპეტროლ საქართველო“ თავის ქსელში ახორციელებს მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას, რომელსაც ყიდულობს რუმინეთში მდებარე თავისსავე ნავთობგადამმუშავებელ ქარხნიდან. კომპანია მარაგდება ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი საწვავით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და შესაბამისად აქვს მაღალი თვითღირებულება. თვითღირებულება განისაზღვრება ქარხნის მიერ კონკრეტულ პერიოდში სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით დაწესებული საწვავის გასაყიდი ფასით, ეს ფასი ცვალებადია და შესაბამისად, ჩვენს მიერ შესყიდული საწვავის თვითღირებულება დამოკიდებულია შესყიდვის პერიოდზე. კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის საწვავის რეალიზაცია და ყველა იმ ბაზრებზე სადაც რომპეტროლი ოპერირებს იგი პოზიციონირებას ახდენს როგორც პრემიალური პროდუქტის რეალიზატორი.
რაც შეეხება საწვავის გადაყიდვას სხვა ბიზნეს სუბიექტებზე, კომპანიას აკავშირებს გრძელვადიანი თანამშრომლობა მცირე რაოდენობისა და ზომის კომპანიებთან საბითუმო ვაჭრობის ფარგლებში და რომლებზედაც საწვავის მიყიდვა ხდება წინასწარი შეკვეთის საფუძველზე შეკვეთის დროს არსებული ფასების მიხედვით, ხოლო წინასწარ შეთანხმებული რაოდენობების ათვისება და შესაბამისად განბაჟება გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდში კი საწვავის ყოველ ახალ შემოსულ პარტიას აქვს განსხვავებული თვითღირებულება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მაღალი ასევე დაბალი, შესაბამისად საცალო რეალიზაციისთვის განკუთვნილი საწვავის თვითღირებულება შესაძლოა განსხვავდებოდეს საბითუმო ვაჭრობისთვის შესყიდული საწვავის თვითღირებულებისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საწვავის თვითღირებულება, ხარისხის შესაბამისად, მაღალია, ამასთანავე კი ბრენდირებული კომპანიის საოპერაციო ხარჯი საკმაოდ მაღალი, კომპანია ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს სიფრთხილით მოეკიდოს საწვავის ფასების ზრდას მომხმარებლების განწყობიდან გამომდინარე. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საწვავის სარეალიზაციო ფასი რუმინეთში უფრო მაღალია ვიდრე რუმინული საწვავის სარეალიზაციო ფასი საქართველოში. სააგენტოს საქმიანობა და ამ საკითხში ჩართულობა მნიშვნელოვანია მყარი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. ჩვენ სრულად ვიზიარებთ მთავრობის წუხილს საწვავის გაძვირების თაობაზე და ვართ შეშფოთებულნი გლობალურ ნავთობ პროდუქტების ბაზარზე მიმდინარე შოკური ცვლილებების გამო“,- განუცხადეს „ბიზნეს ფორმულას“ „რომპეტროლში“.
ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, რუმინეთიდან საქართველოში იმპორტირებული საწვავი, ხშირ შემთხვევაში, საბაჟო საწყობში ინახება.
შუალედური ანგარიშიდან ირკვევა, რომ "რომპეტროლი", რომელიც რუმინეთიდან საქართველოში საწვავის ერთადერთი იმპორტიორია, საკუთარ ქსელში ძირითადად ყიდის მაღალი თვითღირებულების საწვავს, ხოლო დაბალი თვითღირებულების საწვავის სხვა კომპანიებზე გადაყიდვას ახდენს. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, 1 ლიტრ საწვავზე საშუალოდ 40 თეთრი იყო.