LIVE

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია

13 მაი 202221:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1050
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია
REUTERS/Yves Herman

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათთვის შეუძლებელია მხარი დაუჭირონ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, რადგან სკანდინავიური ქვეყნები “ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია”.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ოფიციალურად უჭერს მხარს ალიანსის გაფართოებას, წინააღმდეგობამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნას შვედეთსა და ფინეთს, რადგან ახალ წევრებს ერთსულოვანი თანხმობა სჭირდებათ.

“ვაკვირდებით შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბულში და დასძინა, რომ ნატოს შეცდომა იყო წარსულში საბერძნეთის წევრად მიღება.

“არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროა”, - განაცხადა ერდოღანმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი ფინეთსა და შვედეთს ალიანსში სწრაფი გაწევრიანების პირობა მისცა.

თურქეთმა არაერთხელ გააკრიტიკა შვედეთი და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები ტერორისტებად მიჩნეულ ორგანიზაციების, მათ შორის ქურთი სამხედრო ჯგუფების PKK-სა და YPG-ის და აშშ-ში მცხოვრები ისლამური სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრების მიმართ დამოკიდებულების გამო.

ანკარა ამბობს, რომ გიულენისტებმა 2016 წელს გადატრიალება სცადეს. გიულენი და მისი მომხრეები ბრალდებას უარყოფენ.

ფინეთი და შვედეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან, რომლებიც მონაწილეობენ მრავალ შეხვედრაზე, რეგულარულად ეცნობიან უკრაინაში არსებულ ვითარებას და მონაწილეობენ ნატოს მოკავშირეებთან რეგულარულ სამხედრო წვრთნებში. მათი სამხედრო აღჭურვილობის დიდი ნაწილი ნატოს მოკავშირეებთან თავსებადია.

თუმცა, ისინი ვერ სარგებლობენ ნატოს კოლექტიური თავდაცვის მუხლით, რომლის თანახმად, ერთ მოკავშირეზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე.

მოსკოვმა ფინეთის განცხადებას ნატოში გაწევრიანების შესახებ მტრული უწოდა და შურისძიებით დაემუქრა, მათ შორის”„სამხედრო-ტექნიკური” ზომებით.