LIVE

EU მზადაა ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმება შეაჩეროს, თუ ჯონსონი ჩრ. ირლანდიის პროტოკოლს გააუქმებს

11 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1315
EU მზადაა ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმება შეაჩეროს, თუ ჯონსონი ჩრ. ირლანდიის პროტოკოლს გააუქმებს

ევროკავშირი, სავარაუდოდ, სწრაფად წამოიწყებს დარღვევის პროცედურებს დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და შეაჩერებს სავაჭრო შეთანხმებას, იმ შემთხვევაში, თუ ბორის ჯონსონის მთავრობა ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის გაუქმების შესახებ კანონმდებლობას წარადგენს. ამის შესახებ Bloomberg საკითხში გარკვეულ პირზე დაყრდნობით წერს. 

ბლოკის საპასუხო ნაბიჯებს ევროკომისია განსაზღვრავს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების მხარდაჭერა დასჭირდება.

წყაროს თქმით, კომისია შეაჩერებს მოლაპარაკებებს გიბრალტარის სტატუსზე, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოს კომპანიებს შეუჩერდებათ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე პრივილეგირებული წვდომა. 

გაერთიანებულმა სამეფომ უარი თქვა Brexit-ის შედეგად ვაჭრობის წესებთან დაკავშირებით არსებული დაპირისპირების გადასაჭრელად ევროკავშირის წინადადებებზე და განაცხადა, რომ იგი არ მოერიდება პირდაპირი ქმედებების განხორციელებას. 

სავაჭრო შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2020 წლის ბოლოს 9-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს, ლონდონისთვის Brexit-ის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. იგი დათანხმდა პროტოკოლს, რომლის ნაცვლად, ზღვაში ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ ნაწილებს შორის საბაჟო საზღვარი შეიქმნა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ბიუროკრატია აუტანელია. ლონდონი თვეების განმავლობაში იმუქრებოდა პროტოკოლის დარღვევით, რაც მზარდი ინფლაციის პირობებში, ევროპასთან სავაჭრო ომის რისკს ზრდის. 

ოქტომბერში ბრიუსელმა მას საბაჟო შემოწმების შემსუბუქება შესთავაზა, მაგრამ გუშინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა თქვა, რომ ამან ვერ მოაგვარა ძირითადი პრობლემა და "ზოგიერთ შემთხვევაში უკან დასწია".

"ფასები გაიზარდა, ვაჭრობა შეფერხებულია და ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობა ექვემდებარება განსხვავებული კანონებსა და გადასახადებს, რამაც ისინი დატოვა (მმართველი) აღმასრულებელი ორგანოს გარეშე და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას", - აღნიშნა მან.

ტრასის თქმით, ბრიტანეთის მთავრობას სურს, საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს, მაგრამ დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებები არ მოიძებნა, ჩრდილოეთ ირლანდიაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ქმედებებს "არ მოერიდებიან". 

ჯონსონის პრესსპიკერმა მაქს ბლეინმა დღეს ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, რომ მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მან ჩრდილოეთ ირლანდიაში ვითარებას "ძალიან სერიოზული" უწოდა და გააჟღერა დიდი ბრიტანეთის პოზიცია, რომ პროტოკოლში აღნიშნული შეთანხმებები რეგიონისთვის  "საბოლოო" გამოსავალი არ არის. 

ბრიტანეთი დიდი ხანია იმუქრება, რომ ცალმხრივად შეაჩერებს ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის ნაწილებს, რომელიც ეხება ვაჭრობას ირლანდიასა და გაერთიანებული სამეფოს დანარჩენ ნაწილებს შორის. 

Times წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობას შეუძლია კანონით გააუქმოს საქონლის შემოწმება და უთხრას ჩრდილოეთ ირლანდიის ბიზნესს, რომ ევროკავშირის წესები უგულებელყონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი