LIVE

EU-მ, შესაძლოა, Brexit-ის სავაჭრო შეთანხმების შეწყვეტაზე იმსჯელოს

23 ოქტ 202118:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 728
EU-მ, შესაძლოა, Brexit-ის სავაჭრო შეთანხმების შეწყვეტაზე იმსჯელოს

თუ დიდი ბრიტანეთი უარს იტყვის ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართ ვალდებულებაზე, ევროკავშირმა შესაძლოა Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმების შეწყვეტა განიხილოს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იმუქრება, რომ ცალმხრივად შეაჩერებს ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის ნაწილებს, რომელიც ეხება ვაჭრობას ირლანდიასა და გაერთიანებული სამეფოს დანარჩენ ნაწილებს შორის. 

გასულ წელს შობის ღამეს დადებული სავაჭრო შეთანხმების გაუქმება დააზარალებს ბრიტანულ ეკონომიკას, რომელსაც უკვე აწუხებს მიწოდების დეფიციტი და დააკისრებს დამატებით ხარჯებს ევროპულ ბიზნესს ბრიტანულ კომპანიებთან ურთიერთობაში.

გადაწყვეტილება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ერთსულოვან მხარდაჭერას საჭიროებს. ბლოკს შეუძლია შეაჩეროს მთელი გარიგება, ან მიმართოს კონკრეტულ ინდუსტრიებს.

ორი მხარე ამჟამად ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროკავშირმა წამოაყენა წინადადებების სერია, რომელთა მიზანი პროტოკოლთან დაკავშირებით ჩიხიდან გამოსვლაა.

ევროკავშირის წინადადებები შეამცირებს ინსპექტირებას ორ ტერიტორიას შორის და გაამარტივებს საქონლის იმპორტს, მათ შორის ხორცის, ძეხვეულისა და მედიკამენტების ჩათვლით. თუმცა, ეს შეთავაზება არ ეხება გაერთიანებული სამეფოს მთავარ მოთხოვნებს, მათ შორის, ევროპის სასამართლოს ზედამხედველობის მოხსნას ჩრდილოეთ ირლანდიაზე. ბრიტანეთის მთავრობა სწორედ პროტოკოლს ადანაშაულებს ვაჭრობის გაუარესებასა და ირლანდიაში პოლიტიკური არეულობის გაღვივებაში.

ევროკავშირმა განუცხადა დიდ ბრიტანეთს, რომ არ განიხილავს ლონდონის მიერ წარმოდგენილ ე.წ. იურიდიულ დოკუმენტებს, რომელიც ხელახლა ადგენს პროტოკოლის ასპექტებს, მათ შორის წესებს, რომლებიც არეგულირებს მთავრობის დახმარებას და საქონლის გადაადგილებას. 

ევროკავშირთან შეთანხმების პირობების თანახმად, ჩრდილოეთ ირლანდია რჩება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, საბაჟო საზღვრით ირლანდიის ზღვაში.

ევროკავშირმა უარი თქვა გარიგების გადახედვაზე, მაგრამ განაცხადა, რომ ღიაა პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად. 

ბორის ჯონსონმა მიმდინარე კვირაში Bloomberg News-ის მთავარ რედაქტორთან, ჯონ მიკლეტვეითთან ინტერვიუს დროს “ირლანდიის პროტოკოლთან” დაკავშირებული პრობლემების “მოგვარების” პირობა დადო.

თუ დიდი ბრიტანეთი პოზიციას არ შეცვლის, შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა. ამ შემთხვევაში ევროკავშირს შეუძლია გაამართლოს სავაჭრო შეთანხმების დასრულება იმით, რომ თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის შეთანხმება ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმების წინაპირობა იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი