
Twitter-ი ყოველთვის დარჩება უფასო "ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის", მაგრამ სახელმწიფო და კომერციულმა მომხმარებლებმა შეიძლება გადაიხადონ "მცირე ფასი" სოციალური მედიის პლატფორმაზე დასარჩენად. ამის შესახებ კომპანიის სავარაუდო მფლობელი ელონ მასკი Twitter-ზე წერს.
მასკმა გასულ თვეში ბანკირებს სერვისის ახალი ბიზნეს მოდელების იდეა გაუმხილა. ამჟამად სოციალური ქსელი შემოსავალს ძირითადად რეკლამიდან იღებს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ სცადა ექსკლუზიური ფუნქციების შეთავაზებით შემოსავლის წყაროების გაფართოება და გასულ წელს მომხმარებლებს სერვისი Twitter Blue წარუდგინა. ყოველთვიური გამოწერის ღირებულება თვეში $2.99-ია, თუმცა კომპანიისთვის ამ გზით მიღებული შემოსავალი ჯერ კიდევ ძალიან მცირეა.
Twitter Blue განკუთვნილია პლატფორმის ყველაზე აქტიური მომხმარებლებისთვის და არა ბიზნესის ან სამთავრობო ანგარიშებისთვის, თუმცა სერვისის ზოგიერთი შეთავაზება, მაგალითად, გრძელი ვიდეოების გამოქვეყნების შესაძლებლობა, შესაძლოა, ძირითადად კომერციულ ანგარიშებს ეხებოდეს.
Twitter-ი ასევე ყიდის სხვა პროდუქტებს, რომლებიც გამიზნულია კომერციული მომხმარებლებისთვის. მათ შორისაა მარკეტინგით ან ბრენდის ანალიზით დაინტერესებული ბიზნესებისთვის Twitter API-ზე წვდომის უფლების მინიჭება.
გასულ კვირას ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდა. როდესაც გარიგება დასრულდება, სოციალური ქსელი კერძო კომპანია გახდება და მთლიანად მასკის მფლობელობაში გადავა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სებასტიან ტონგი და კურტ ვაგნერი