LIVE

ბორელი: SWIFT-ს სხვა რუსული ბანკებიც დატოვებენ

03 მაი 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1014
ბორელი: SWIFT-ს სხვა რუსული ბანკებიც დატოვებენ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი ფინანსური შეტყობინებების საერთაშორისო სისტემა SWIFT-დან რამდენიმე რუსული ბანკების გარიცხვას მოიცავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა

რამდენიმე ევროპელი დიპლომატის თქმით, სისტემიდან გაირიცხება Sberbank, ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული ბანკი, რომელსაც ბაზრის 37% უკავია. 

"სანქციები შეეხება საბანკო სექტორს, იქნება სხვა რუსული ბანკები, რომლებიც გამოვლენ Swift-დან. ენერგეტიკულ სექტორში ვმუშაობთ წინადადებებზე, რომლებიც შეზღუდავს რუსეთიდან ენერგეტიკის, კერძოდ ნავთობის იმპორტს", - განაცხადა დიპლომატმა პრესკონფერენციაზე. 

ბანკთაშორისი სისტემა Swift, რომელიც სწრაფად და უსაფრთხოდ კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, მარტის დასაწყისში შვიდ რუსულ ბანკს: VTB-ს, Bank Otrkitie-ს, Novikombank-ს, Promsvyazbank-ს, Bank Rossiya-ს, Sovcombank-სა და VEB-ს დაატოვებინეს. იმ დროისთვის სიაში არ მოხვდა ორი მსხვილი რუსული ბანკი: Sberbank-ი და Gazprombank-ი, რადგან ისინი ევროკავშირის გაზისა და ნავთობის იმპორტის გადახდის მთავარ ფასილიტატორებად მიიჩნევიან.

ევროკომისია, სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობას, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს. ის ევროკავშირის მთავრობების ელჩებს ხვალ წარედგინება.

ნავთობის ემბარგო, სავარაუდოდ, ეტაპობრივად ამოქმედდება და აკრძალვა ძალაში სრულად მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისიდან შევა. Reuters-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ბლოკმა უნგრეთის და სლოვაკეთის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვას, რამდენადაც ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები რუსულ ნავთობზე. ერთ-ერთ ვერსიად ასევე განიხილება ამ ქვეყნებისთვის საწვავის აკრძალვამდე ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდის დაწესება.