LIVE

პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზრდება - დეტალები

28 აპრ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1911
პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზრდება - დეტალები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება. მისი განმარტებით, ჯარიმების გამკაცრება აუცილებელია, რომ ქალაქში წესრიგი დამყარდეს.

დედაქალაქის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც იზრდება შემდეგი ჯარიმები:

  • ამკრძალავი ნიშნების, „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელი დღეს არსებული 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება;
  • ველოსიპედის ბილიკზე, ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრაობის, დგომის, ან გაჩერებისას, ავტომობილის მძღოლს აქამდე არსებული 50 ის ნაცვლად 100 ლარიანი ჯარიმა გამოეწერება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი საურავი გაორმაგდება;
  • 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება, ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება;
  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვების გამო ავტომობილის მფლობელი დღეს არსებული 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება. ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავი 200 ლარი იქნება;
  • ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილებზე პარკირების ჯარიმაც გაორმაგდება და 100 ლარი გახდება. ასევე გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავი ამ შემთხვევაშიც ორმაგდება;
  • თბილისში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების სხვა წესის დარღვევა აქამდე ითვალისწინებდა ჯარიმას 10 ლარის ოდენობით, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი ჯარიმა 50 ლარი გახდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს;
  • მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდება და შედგება ელექტრონული ოქმი, ხოლო სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება, ასევე გაეგზავნება SMS შეტყობინება;
  • ტროტუარზე დაპარკინგებული ავტომობილი, მაშინვე ევაკუაციას დაექვემდებარება;
  • მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსისა და სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი საურავი 200 ლარი იქნება; 
  • მუნიციპალიტეტს ეძლევა უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში, გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური განსაზღვროს.

„ქალაქში გარკვეული მიმართულებით პრობლემები გვაქვს. ეს არის პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: ავტომანქანების გაჩერება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია; შშმ პირებისთვის გამოყოფილი ადგილების დაკავება; A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავება და ა.შ. ძალიან ბევრი წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზე არის გაჩერებული ავტომანქანები და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. გვინდა ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ვინაიდან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ამ ყველაფერს, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს.