LIVE

წელს რუსეთის ეკონომიკა 8.5%-ით, ხოლო უკრაინის 35%-ით შემცირდება - IMF

20 აპრ 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1039
წელს რუსეთის ეკონომიკა 8.5%-ით, ხოლო უკრაინის 35%-ით შემცირდება - IMF
Bloomberg

უკრაინაში მიმდინარე ომისა და ჩინეთში გამოცხადებული "ლოკდაუნების" ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), Covid-19-ის პანდემიის პირველი თვეების შემდეგ, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ყველაზე მეტად შეამცირა. ამასთან, IMF-ი კიდევ უფრო მაღალ ინფლაციას ელის.

ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 3,6%-ით გაიზრდება (ომამდე არსებული პროგნოზი 4.4%-იანი ზრდა იყო). ორგანიზაციამ ასევე შეამცირა 2023 წლის პროგნოზი - ახლა ის 3.8%-იანი ზრდის ნაცვლად, 3.6%-ს ელის. 

IMF ვარაუდობს, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ინფლაცია 5.7% იქნება, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ის 8.7%-მდე დაჩქარდება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება რამდენიმე თვის წინანდელ პროგნოზს. 

მოსალოდნელია, რომ 2023 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შესაბამისად, თითოეულ ჯგუფში 2.5%-მდე და 6.5%-მდე შემცირდება.

ფონდის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა 2022 წელს 35%-ით შემცირდება, რაც პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ ქვეყნის მიმართ გამოჩენილ აგრესიასთან. დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისა და ქვეყნის მიმართ ნდობის დაკარგვის გამო, რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა 8,5%-ით შემცირდეს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აგრესია გავლენას მხოლოდ ორ ქვეყანაზე არ მოახდენს. ომი იწვევს საქონლის, საკვებისა და საწვავის ფასის ზრდას და არეულობას მთელ მსოფლიოში. 

შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგიერთ ნაწილში ინფლაცია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზრდება, რაც უბიძგებს ცენტრალური ბანკებს მონეტარული პოლიტიკა იმაზე სწრაფად გაამკაცრონ, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო. 

საერთო ჯამში ომის გამო, ფონდმა შეამცირა მშპ-ის ზრდის პროგნოზი 143 წევრი ქვეყანაში. ეს არის ჯგუფი, რომელიც გლობალური წარმოების 86%-ს შეადგენს.

"რამდენიმე კვირის განმავლობაში, მსოფლიომ კვლავ განიცადა დიდი, გარდამტეხი შოკი. მაშინ, როცა პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კოლაფსიდან გრძელვადიანი აღდგენის ნიშნები გაჩნდა, ომმა შექმნა ძალიან რეალური პერსპექტივა, რომ ბოლოდროინდელი მიღწევების დიდი ნაწილი დაიკარგება",- წერს IMF-ის ახალი მთავარი ეკონომისტი პიერ-ოლივიე გურინჩასი ანგარიშის შესავალში. 

განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა განიცადა ევროზონამ, სადაც მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.9%-დან 2.8%-მდე შემცირდა. 

მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ომი ნაკლებად დააზარალებს და მისი ეკონომიკა მიმდინარე წელს 4%-ის ნაცვლად, 3.7%-ით გაიზრდება, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის უფრო სწრაფ გამკაცრებას უკავშირდება. 

ჩინეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, გაიზრდება 4,4%-ით, ნაცვლად 4,8%-ისა.  

მთლიანობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოწინავე ეკონომიკა გაიზრდება 3.3%-ით და ხოლო განვითარებადი ბაზრები და განვითარებადი ეკონომიკები - 3.8%-ით, მაშინ, როცა წინა შეფასებით, 3.9% და 4.8% იყო მოსალოდნელი. 

ფონდი ასევე განიხილავს სცენარს, რომლის მიხედვითაც, რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ სანქციები გაფართოვდება მიმდინარე წლის შუა პერიოდში, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვის გამოიწვევს საქონლის უფრო მაღალ ფასებს, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას და ფინანსური პირობების გამკაცრებას. ასეთ პირობებში, ევროკავშირში მშპ 2023 წელს საბაზისო სცენარზე დაახლოებით 3%-ით დაბალი იქნება, გლობალური მშპ 2%-იან საბაზისო ნიშნულს ჩამოსცდება და 2027 წლისთვის აქტივობა დაახლოებით 1%-ზე ნაკლები იქნება. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს  განვითარებად ბაზრებზე ვალის მატების რისკზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწინავე ეკონომიკების ოფიციალური პირები მონეტარული პოლიტიკას ამკაცრებენ.

ზოგიერთ ეკონომიკას დასჭირდება სუვერენული ვალის რესტრუქტურიზაცია, რათა გაათავისუფლოს რესურსები ჯანდაცვის, სოციალური და განვითარების ხარჯებისთვის.

გლობალური ვაჭრობა მიმდინარე წელს, 2021 წელთან შედარებით ორჯერ შემცირდება და 5%-ით გაიზრდება, რაც მთლიანობაში შეფერხებული აქტივობით აიხსნება. 

გასულ კვირას განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმაც. ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ბაზრები და განვითარებადი ეკონომიკები, სავარაუდოდ, წელს ჯამში 4,1%-ით შემცირდება, რაც პანდემიურ 2020 წელთან შედარებით, ორჯერ დიდი ვარდნაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ მარტინი