LIVE

ევროპა უკრაინის რეკონსტრუქციის ხარჯების დიდ ნაწილს დაფარავს

19 აპრ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 748
ევროპა უკრაინის რეკონსტრუქციის ხარჯების დიდ ნაწილს დაფარავს

ომით დაზარალებული უკრაინის აღსადგენად ევროკავშირი სოლიდარობის ფონდს შექმნის. ევროკომისია მუშაობს ინსტრუმენტზე, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის გრძელვადიან საჭიროებებზე.

წევრი ქვეყნებისთვის COVID-19-ის აღდგენის ფონდის მოდელის მიხედვით, ის დააფინანსებს ინვესტიციებს და რეფორმებს უკრაინის მთავრობასთან შეთანხმებით, მაგრამ გაურკვეველია, რამდენი იქნება მათში გრანტების ან სესხების მოცულობა.

სავარაუდოდ, თანხა ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიარდ ევროს მიაღწევს.

მომავალ კვირაში ბრიუსელისა და ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირები გეგმავენ განიხილონ კიევის ფინანსური მხარდაჭერის გზები და უზრუნველყონ, რომ თანხები არ იქნება ბოროტად გამოყენებული. 

მსოფლიო ბანკი უმასპინძლებს მინისტრთა სესიას უკრაინასთან დაკავშირებით ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების დროს. 

ქვეყნებს უჭირთ შორს წავიდნენ რაიმე გეგმაზე, რადგან რუსული ძალები კვლავ უტევენ უკრაინის ქალაქებს, მაგრამ ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები იქნება. კორუფცია და ძლიერი ზედამხედველობის მექანიზმების ნაკლებობა ორი ყველაზე დიდი პრობლემაა.

ნიდერლანდების პოზიციით, ნებისმიერი ახალი რეკონსტრუქციის ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ქვეყანაში მმართველი სტრუქტურების გაძლიერებისთვის, რაც მას დააახლოებს ევროკავშირთან და გაამარტივებს საბოლოო გაწევრიანებას.

ევროკომისია მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს ფინანსური საჭიროებების საფუძვლიან შეფასებას. უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსული ძალების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანი $1 ტრილიონს შეადგენს.

პირველადი დახმარების უმეტესი ნაწილი ინფრასტრუქტურის აღდგენას და საჯარო სერვისების უზრუნველყოფას მოხმარდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა კომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს, რომ მთავრობას თვეში $5-დან $7 მილიარდამდე სჭირდება ხელფასებისა და სხვა სოციალური ხარჯების დასაფარად.

კომისია ასევე განიხილავს კომპანიების დასახმარებლად გარანტიების გაფართოებას. უკრაინის შეფასებით, კომპანიების დაახლოებით მესამედმა მთლიანად შეწყვიტა საქმიანობა და 45%-მა შეამცირა წარმოება.

ომმა ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სექტორი დააზარალა, რადგან მიწის დიდი ნაწილის გამოყენება შეუძლებელია.

ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა და სლოვენიამ, შესთავაზა რუსული სახსრების უკრაინაში გადამისამართების გზების შესწავლა, მაგალითად, ენერგიის მაღალი ფასების კაპიტალიზაციით ან სანქცირებული რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების გამოყენებით.

ბლოკმა უკვე გასცა 600 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხები ომის დაწყებიდან და აჩქარებს დამატებით 600 მილიონი ევროს დამტკიცებას, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მიმდინარე ზაფხულში. ევროკავშირი ასევე მუშაობს დამატებით სესხის პაკეტზე, რომელიც შეიძლება იგივე მოცულობის იყოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა $1,4 მილიარდის გადაუდებელი დაფინანსება, ხოლო $2,2 მილიარდი გააუქმა უკრაინის წინა $5 მილიარდის კრედიტიდან, რადგან ცხადი იყო, რომ უკრაინა ვეღარ შეასრულებდა იმ რეფორმებს და პირობებს, რომლებიც საჭირო იყო ამ სესხის დარჩენილი ნაწილის მისაღებად, მათ შორის კორუფციასთან საბრძოლველად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხორხე ვალერო