LIVE

Reuters - მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ

14 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 796
Reuters - მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ
REUTERS

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მსხვილი გლობალური მოვაჭრეები გეგმავენ შეაჩერონ ნავთობისა და საწვავის შესყიდვები რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიებისგან 15 მაისს, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დარღვევა.

ევროკავშირს არ დაუწესებია რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა გერმანია, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე და არ გააჩნია ალტერნატიული ინფრასტრუქტურა.

თუმცა, სავაჭრო კომპანიები წყვეტენ შესყიდვებს რუსული Rosneft-ისგან, რადგან ცდილობენ დაემორჩილონ ევროკავშირის არსებულ სანქციებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის წვდომის შეზღუდვას საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე.

ევროკავშირის სანქციების ფორმულირება გამორიცხავს სანქციებს ნავთობის შესყიდვებზე Rosneft-ისგან ან Gazprom Neft-ისგან, რომლებიც მიჩნეულია “მკაცრად აუცილებლად” ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მოვაჭრეები დავობენ, რას ნიშნავს “მკაცრად აუცილებელი”. მან შეიძლება მოიცვას გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსულ ნავთობს დახურული მილსადენით იღებს, მაგრამ ვერ ფარავს შუამავლების მიერ რუსული ნავთობის ყიდვა-გაყიდვას. ისინი ამცირებენ შესყიდვებს, რათა უზრუნველყონ შესაბამისობა 15 მაისამდე, როდესაც ძალაში შევა ევროკავშირის შეზღუდვები.

რუსული ნავთობის მსხვილმა მყიდველმა Trafigura-მ განუცხადა Reuters-ს, რომ მისი ქმედებები “სრულად შეესაბამება ყველა მოქმედ სანქციას. ვაჭრობის მოცულობა კიდევ შემცირდება 15 მაისიდან”.

Vitol-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ვაჭრობის მოცულობა “მნიშვნელოვნად შემცირდება მეორე კვარტალში მიმდინარე ვადით სახელშეკრულებო ვალდებულებების შემცირების გამო”, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის ის შეწყვეტს რუსული ნავთობით ვაჭრობას.

ევროპაში ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს სულ უფრო ნაკლებად სურთ რუსული ნავთობის შესყიდვა. ამან უკვე დააზარალა რუსული ექსპორტი, თუმცა ინდოეთის და თურქეთის შესყიდვები ნაწილობრივ ანაზღაურებს დანაკლისს. გაყიდვები ჩინეთშიც გრძელდება.

Rosneft-ისა და Gazprom Neft-ის მოცულობა აპრილში 29 მილიონი ბარელს, ანუ დღეში თითქმის 1 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც აპრილში რუსეთის დასავლეთის პორტებიდან ურალის ნედლი ნავთობის ექსპორტის 40%-ზე მეტია.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის მიწოდება მაისიდან შესაძლოა დღეში 3 მილიონი ბარელით შემცირდეს.

ენერგომოვაჭრეები დგანან შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების წინაშე დასავლური სანქციების ამჟამინდელი ტალღის გამო. მათ ყურადღებით უნდა გამოიკვლიონ, რომელ სუბიექტებს შეუძლიათ გადახდა, ისევე როგორც მათი თანამშრომლების ეროვნება. ასევე, პირდაპირი აკრძალვის არარსებობა ართულებს არსებული კონტრაქტების დასრულებას.