LIVE

Vitol-ი რუსული ნავთობით ვაჭრობას შეწყვეტს

13 აპრ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 772
Vitol-ი რუსული ნავთობით ვაჭრობას შეწყვეტს
Keystone / Martial Trezzini

ნავთობით უმსხვილესი დამოუკიდებელი მოვაჭრე მსოფლიოში, Vitol Group-ი აპირებს მიმდინარე წლის ბოლომდე მთლიანად შეაჩეროს რუსული წარმოშობის ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა.

Vitol-ის მიერ დამუშავებული რუსული ნავთობის მოცულობები “მნიშვნელოვნად შემცირდება წლის მეორე კვარტალში, რადგან მიმდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებები შემცირდება”, - განაცხადა Vitol-ის წარმომადგენელმა. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კომპანია ხაზს უსვამს, რომ შესყიდვები უკვე არსებული კონტრაქტების ნაწილია და მის გაგრძელებას აღარ აპირებს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილი მისწერა Vitol-ის აღმასრულებლებსა და სხვა მოვაჭრეებს, შეწყვიტონ ბიზნესი რუსეთის წიაღისეული საწვავის ინდუსტრიასთან, რათა შეწყდეს ფულადი ნაკადები, რომელიც ხელს უწყობს ომის დაფინანსებას.

უმსხვილესმა ნავთობკომპანიებმა, BP-იმ, Shell-მა და Exxon Mobile-მა გამოაცხადეს რუსეთთან დაკავშირებულ ინვესტიციებში საკუთარი წილების შემცირების გეგმები, რადგან ქვეყანასთან გარიგებების შეწყვეტას აპირებენ. იმავდროულად, ბევრმა ევროპულმა ბანკმა შეზღუდა რუსული საქონლით ვაჭრობის დაფინანსება.

სახელისუფლებო დონეზე, რუსეთთან ენერგოვაჭრობაზე ემბარგო გამოაცხადა შეერთებულმა შტატებმა, მაგრამ ევროპის მრავალი ქვეყანა კვლავ უშვებს მათ იმპორტს.

გადამამუშავებელი ქარხნები ინდოეთსა და ჩინეთში ასევე აგრძელებენ რუსული ნავთობის შესყიდვას. 

მოვაჭრეები ხშირად აფორმებენ გრძელვადიან ან წინასწარ გადახდილ კონტრაქტებს მწარმოებლებთან, როგორიცაა რუსული Rosneft-ი, რათა იყიდონ და გაგზავნონ გარკვეული რაოდენობის ნავთობი ყოველთვიურად. მიმდინარე კვირის დასაწყისში, Glencore-მა და Trafigura-მ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ გრძელვადიანი შეთანხმებების დაცვას. თუმცა, Glencore-მა განაცხადა, რომ არ იწყებს რაიმე ახალ ბიზნესს რუსეთთან, ხოლო Trafigura რუსული მოცულობების შემცირებას აპირებს.

Vitol-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რასელ ჰარდიმ გასულ თვეში განაცხადა, რომ კომპანიამ შეაჩერა ბიზნესი რუსეთში, მაგრამ ჯერ კიდევ ასრულებს გრძელვადიან კონტრაქტებს და ელოდება გადაწყვეტილებას Vostok-ის ნავთობის პროექტში წილის Rosneft-ისთვის მიყიდვის შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სერენ ჩეონგი