LIVE

რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით გერმანია $240 მილიარდით დაზარალდება

13 აპრ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1787
რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით გერმანია $240 მილიარდით დაზარალდება

გერმანიის წამყვანმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს და განმარტეს, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების შეჩერება 2023 წელს რეცესიას გამოიწვევს. 

ხუთმა ინსტიტუტმა: RWI, DIW, Ifo, IfW და IWH საბაზისო სცენარის მიხედვით, 2022 წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 2.7%-მდე შეამცირა, 2023 წელს კი 3,1%-იან ზრდას ელიან. 

ინსტიტუტებმა ასევე გამოაქვეყნეს რუსული ენერგიის უეცარი მიწოდების შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგი, რომლის დროსაც ეკონომიკა მიმდინარე წელს გაიზრდება 1,9%-ით, ხოლო 2023 წელს 2,2%-ით შემცირდება. 

"გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანიის ეკონომიკა მკვეთრ რეცესიას განიცდის", - თქვა კვლევის დირექტორმა, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა სტეფან კუტსმა.

მიწოდების შეჩერების შემთხვევაში, 2022 და 2023 წლებში ეკონომიკის ზარალი, სავარაუდოდ, დაახლოებით 220 მილიარდი ევრო ($240 მლრდ) იქნება, რაც წლიური ეკონომიკური წარმოების 6,5%-ზე მეტის ეკვივალენტურია. 

2022 წელს გერმანიაში ინფლაცია საშუალოდ 6,1%-მდე დაჩქარდება, რაც გასული 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი აამუშავა. სანქციები რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვას არ მოიცავს, თუმცა საკითხის შესახებ ბლოკში მსჯელობა მიმდინარეობს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კაროლინ ლუქი