LIVE

ჯონსონი და სუნაკი "ლოკდაუნის" დროს წვეულებებზე დასწრებისთვის დაჯარიმდებიან

12 აპრ 202217:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 655
ჯონსონი და სუნაკი "ლოკდაუნის" დროს წვეულებებზე დასწრებისთვის დაჯარიმდებიან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და კანცლერი რიში სუნაკი "ლოკდაუნის" დროს წვეულებებში მონაწილეობის გამო დაჯარიმდებიან

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ორივე მათგანმა ჯარიმის შესახებ პოლიციისგან შეტყობინება უკვე მიიღო. პრესსპიკერის თქმით, შეტყობინებაში აღნიშნული არ იყო თუ რომელი ღონისძიებისთვის ჯარიმდებიან. 

"პრემიერ-მინისტრმა და კანცლერმა დღეს მიიღეს შეტყობინება, რომ მეტროპოლიტენის პოლიცია აპირებს მათთვის ფიქსირებული საჯარიმო ცნობების გაცემას. დამატებითი დეტალები არ ვიცით, მაგრამ შეგატყობინებთ, როგორც კი გვეცოდინება", განაცხადა N10-ის პრესსპიკერმა. 

გამოძიება 12 ღონისძიების შესახებ მიმდინარეობს. ამ დროისთვის მათში მონაწილეობის გამო, სულ 50-ზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი. პოლიცია დაჯარიმებულთა ვინაობას არ ამხელს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი სამ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კანონმდებლების წინაშე აღიარა, რომ პირველი "ლოკდაუნის" დროს წვეულებას დაესწრო. ამის გამო, მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიებას სამსახურებრივ შეხვედრად მიიჩნევდა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური პირები წვეულებაზე პრემიერის ოფისის ბაღში 2020 წლის მაისში მიიწვიეს, როდესაც მსგავსი შეკრებები აკრძალული იყო. მოქალაქეებს ღია ცის ქვეშ მხოლოდ ერთ ადამიანთან შეხვედრის უფლება ჰქონდათ. მედიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო მიწვეული. პრემიერმა შეკრებაზე 25 წუთი გაატარა.

წვეულებების სკანდალმა, რომელსაც ბრიტანულმა მედიამ "ფართიგეითი" უწოდა, სერიოზულად დააზიანა ბორის ჯონსონის რეპუტაცია და კონსერვატიული პარტიის პოზიცია გამოკითხვებში.

კანონმდებლების ნაწილმა მისი გადადგომა მოითხოვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯო მეისი და ემილი ეშტონი