რუსეთი ფინეთსა და შვედეთს ნატოში გაწევრიანების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ევროპას სტაბილურობას არ მოუტანს.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ალიანსი დაპირისპირების იარაღად რჩება. მისი თქმით, ბლოკი "არ არის ისეთი სახის ალიანსი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას. მისი შემდგომი გაფართოება ევროპის კონტინენტს დამატებით უსაფრთხოებას არ მოუტანს".
გასულ კვირას პესკოვმა ასევე თქვა, რომ თუ შვედეთი და ფინეთი ნატოს შეუერთდებიან, რუსეთს მოუწევს, საკუთარი ზომებით "სიტუაცია ხელახლა დააბალანსოს".
კიდევ უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ფინეთის და შვედეთის ნატოში შესვლის შემთხვევაში, "სამხედრო და პოლიტიკური შედეგების" შესახებ ისაუბრა.
მუქარის მიუხედავად, ორივე ქვეყანა მიყვება გეგმას და აძლიერებს თავდაცვის ხარჯებს. დღეს ჰელსინკში ფინეთის სამხედრო ძალების ლიდერებმა განაცხადეს ახალი გეგმის შესახებ, რომელიც დრონების შესაძენად 14 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. გასულ თვეში შვედმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მიმდინარე წელს თავდაცვის ხარჯებს 3 მილიარდი კრონით ($317 მილიონი) გაზრდიან.
სავარაუდოდ, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას ზაფხულში დაიწყებენ. მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს ალიანსის გაფართოებას და წევრების რიცხვის 32 წევრამდე გაზრდას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ნატოს ლიდერებსა და ჰელსინკისა და სტოკჰოლმის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დისკუსიები გაიმართა.
უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი ითხოვდა, რომ ალიანსს მომავალი გაფართოების შეჩერების პირობა დაედო, თუმცა ომის შემდეგ რუსეთმა აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს გაძლიერებული ძალები და ალიანსში შვედეთისა და ფინეთის წევრობისადმი დასავლეთის თანხმობა მიიღო.
ფინელი დეპუტატები დაზვერვის ოფიციალური პირებისგან ანგარიშს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ვარაუდობს, რომ ალიანსში გაწევრიანების შესახებ დისკუსიას მთავრობა ზაფხულის შუა პერიოდამდე დაასრულებს.