LIVE

რუსეთი შვედეთს და ფინეთს NATO-ში გაწევრიანების სურვილს უძლიერებს - მოსაზრება

11 იან 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 11123
რუსეთი შვედეთს და ფინეთს NATO-ში გაწევრიანების სურვილს უძლიერებს - მოსაზრება
Jonathan Nackstrand/AFP/Getty Images

ბოლო დღეებში მსოფლიოს ყურადღება რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინასთან დაკავშირებით მის გეგმებზეა მიპყრობილი. პუტინს სურს გარანტიები NATO-სგან, რომ უკრაინას არასოდეს მიეცემა ალიანსში გაწევრიანების უფლება.  

ამ ფონზე, საყოველთაო ყურადღების მიღმა რჩება ორი ქვეყანა: შვედეთი და ფინეთი, რომლებსაც ძლიერი დემოკრატიული სისტემა და NATO-სთან ხანგრძლივი კავშირები აქვთ, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მათგანი ალიანსის წევრი არ არის. გასული თვის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ორივესთან მიმართებით, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების იდეითაც უკმაყოფილოა. 

არ არის გამორიცხული, ამ მიდგომამ, რუსეთისთვის უკუშედეგი გამოიღოს და ორივე სკანდინავიურ ერს გაუძლიეროს სურვილი, სერიოზულად განიხილონ ალიანსში გაწევრიანება. ორი ქვეყნის ხასიათის, გეოგრაფიისა და სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს NATO-სთვის შესაძლებლობას წარმოადგენს. 

ტექნოლოგიურად ორივე ქვეყანა ფლობს მაღალი დონის საბრძოლო აღჭურვილობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია შვედეთის საჰაერო ძალები. ფინეთმა კი ახლახან შეუკვეთა 64 Lockheed Martin F-35 გამანადგურებელი, რომელიც ყველაზე მოწინავე საბრძოლო თვითმფრინავია მსოფლიოში.  

ფინეთსაც და შვედეთსაც ჰქონდათ მნიშვნელოვანი სამხედრო წვლილი ავღანეთსა და ბალკანეთში მიმდინარე მოვლენებში. ორივე ინარჩუნებს საყოველთაო გაწვევის პრაქტიკას და აქვს სამხედრო მომზადების ტრადიცია. 

ცივი ომის დასრულების შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა შეინარჩუნეს უაღრესად ღირებული ნეიტრალიტეტი, დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები როგორც დასავლეთთან, ისე საბჭოთა კავშირთან. გამოკითხვების თანახმად, შვედების და ფინელების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ასეთი დამოუკიდებლობა საუკეთესო არჩევანი იყო.

თუმცა, ბოლო დროს, 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დამოკიდებულება შეიცვალა. საახალწლო მიმართვაში ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ თქვა, რომ ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს, თუმცა გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა არ არის. 

NATO მოხარული უნდა იყოს ფინელებისა და შვედების ალიანსში გაწევრიანებით, მაგრამ მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოს. ეს სწორედ ის დამოკიდებულებაა, რასაც ეს ქვეყნები ორგანიზაციისგან ელიან. 

ამ ორი სკანდინავიური ერის ამბავი ძალიან განსხვავდება იმ გზისგან, რასაც ლიანსის წევრობამდე გადიან სხვა ქვეყნები, მათ შორის, მაკედონია და მონტენეგრო, რომ აღარაფერი ვთქვათ, უკრაინისა და საქართველოს წევრობის უსასრულო გეგმაზე. 

ამ დროისთვის NATO-მ მშვიდად უნდა დაარწმუნოს ფინეთიც და შვედეთიც, რომ მათთვის წევრობის კარი ღიაა, გააგრძელოს მნიშვნელოვანი სამხედრო-სამხედრო წვრთნები და მიესალმოს ორივე ერის ჩართულობას ორგანიზაციის სამხედრო ოპერაციებში. 

ორივე ამ მაღალკვალიფიციური ერის NATO-ში შესვლა აშშ-სთვის უზარმაზარი უპირატესობა იქნება, რაც პუტინს დაარწმუნებს, რომ მას არ აქვს ვეტოს ბარათი, როდესაც საქმე დემოკრატიული ალიანსის გაფართოებას ეხება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს სტავრიდისი