ქართული მეღვინეების ნაწილი, ძირითადად მცირე მარნები, რუსულ ბაზარზე უარს ამბობს და ალტერნატივის ძიებას იწყებს.
როგორც „იაგოს მარნის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რუსეთის ალტერნატივის მოძიებას ალტერნატივა არ აქვს და ეს მეღვინეების სტრატეგიული არჩევანი და მიზანი უნდა გახდეს.
"არის რამდენიმე მსხვილი მარანი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე. ამის გაკეთება შესაძლებელია,- ამბობს იაგო ბიტარიშვილი.
პირველი მსხვილი ქართული კომპანია, რომელმაც ღიად დააფიქსირა პოზიცია და უარი თქვა რუსულ ბაზარზე „თბილღვინოა“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ქართველი მეღვინეები, „თიბისი კაპიტალი“ საქართველოდან ღვინის ექსპორტის, მინიმუმ 33%-ით შემცირებას პროგნოზირებს.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, თუ ომი დიდხანს არ გაგრძელდა ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 38%-ით, ხოლო უკრაინაში 90%-ით შემცირდება, დანაკარგები კი $87 მილიონს მიაღწევს. ომის 3 თვით გახანგრძლივების შემთხვევაში გაუყიდავი ღვინის ღირებულება $116 მილიონს მიაღწევს, მთლიანი ექსპორტი კი 44%-ით შემცირდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის და საბრენდო სპირტის ძირითადი გასაღების ბაზარი, გასული წლის მსგავსად, წელსაც რუსეთია. ღვინის ექსპორტის 61% სწორედ რუსეთზე მოდის.