LIVE

პუტინის რეიტინგი იზრდება - რუსები უკრაინასთან ომს ემხრობიან

01 აპრ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1438
პუტინის რეიტინგი იზრდება - რუსები უკრაინასთან ომს ემხრობიან

რუსეთის წამყვანი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის თანახმად, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა გაიზარდა. კრემლის მიერ საპროტესტო აქციების დარბევის ფონზეც კი, ჩნდება კითხვები საზოგადოების მზადყოფნაზე გამოხატოს წინააღმდეგობა ომის მიმართ.

24-30 მარტს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პუტინის ქმედებები გამოკითხულთა 83%-ს მოსწონს. მოსკოვში დაფუძნებული Levada Center-ი იტყობინება, რომ მაჩვენებელი 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ასევე, გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც თანხმდება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 17 პროცენტული პუნქტით, 69%-მდე გაიზარდა. შედეგი ყველაზე მაღალია 1996 წლის შემდეგ, როცა Levada-მ გამოკითხვების ჩატარება დაიწყო.

საზოგადოებრივი განწყობის ცვლილება წლების განმავლობაში პუტინის  შემცირებულ მხარდაჭერას მოჰყვა, რომელიც არაპოპულარული საპენსიო რეფორმებისა და ცხოვრების დონის სტაგნაციის ფონზე მოხდა. საგულისხმოა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრა აშშ-სა და NATO-ს პასუხად დაიწყო, რომლებმაც უკრაინის ალიანსში არ გაწევრიანების გარანტირებაზე უარი თქვეს.

"რუს ხალხს სჯერა, რომ დასავლეთი რუსეთის განადგურებას ცდილობს",- განაცხადა გლებ პავლოვსკიმ, კრემლის პოლიტიკურმა მრჩეველმა პუტინის ძალაუფლებაში ყოფნის პირველი დეკადის დროს. მისი თქმით, საერთაშორისო სანქციები, რომლებიც ომის საპასუხოდ დაწესდა, მოსახლეობას პუტინის გარშემო მხოლოდ გააერთიანებს.

ომის დაწყების ადრეულ დღეებში რუბლი, სანქციებისა და უცხოური კომპანიების ქვეყნიდან გასვლის ფონზე, დოლართან მიმართებით უპრეცედენტოდ დაბალ დონემდე დაეცა. ათობით ათასი რუსი საზღვარგარეთ წავიდა, რადგან პოლიტიკური წნეხის შეეშინდა. თუმცა, რუსების უმეტესობა მზარდი ფასების და საქონლის დეფიციტის საკუთარ თავზე გამოცდას ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს.

მიუხედავად ამისა, მაინც რთულია უკმაყოფილების დონე სწორად შეფასდეს ქვეყანაში, სადაც ხალხი დიდი ხანია შეეჩვია იმის თქმას, რისი მოსმენაც კრემლს სურს.

ხელისუფლებამ მკაცრად დასაჯა ომის გამო განსხვავებული აზრი, ჩაახშო ქუჩის პროტესტი და დააკავა დემონსტრანტები. პარალელურად, წაახალისა პატრიოტული აჟიოტაჟი, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო მანქანებზე "Z" სიმბოლოს გამოჩენას მოიცავს.

პუტინმა 16 მარტს სატელევიზიო კომენტარის გაკეთების დროს პირობა დადო, რომ რუსეთს "ნაძირალებისა და მოღალატეებისგან" გაწმენდს, რომლებიც საიდუმლოდ აშშ-სთვის მუშაობენ.

მან გასულ თვეში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსი სამხედრო ძალების შესახებ "ყალბი ამბების" გავრცელებაზე ჯარიმას და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს უკრაინაში ოპერაციების ომად აღწერასაც კი უკანონოდ აქცევს. ბევრმა ადგილობრივმა და საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციამ საპასუხოდ რუსეთში მუშაობა შეაჩერა.

ასევე, ოპოზიციონერმა მაქსიმ კაცმა განაცხადა, რომ ომის შესახებ მის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში 69% ომის მომხრე იყო, ხოლო 19% წინააღმდეგი.

”ადამიანთა უმეტესობას ამის არ სჯერა, მაგრამ ისინი არ არიან მზად ამის წინააღმდეგ ხმამაღლა ისაუბრონ. ხელისუფლება ძალიან აგრესიულად იქცევა, მათ ნათლად განაცხადეს, რომ დაარტყამენ ყველას, ვინც კრიტიკულია”,- განაცხადა კაცმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია