LIVE

2019-დან 2021 წლამდე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა - PMCG

31 მარ 202216:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 764
2019-დან 2021 წლამდე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა - PMCG

2019-დან 2021 წლამდე, საქართველოში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა და 174 ათასი შეადგინა. PMCG-ის კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 351 ათასითაა გაზრდილი (14%).

კვლევის თანახმად, სადაც 2017-2021 წლების მონაცემებია გაანალიზებული, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. PMCG-ში აცხადებენ, რომ ბოლო მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ, მოსახლეობის 21.3% ცხოვრობს.

ამ ფონზე კი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდასაჭერად შექმნილი საარსებო შემწეობის პროგრამა, ბენეფიციარებს სიღარიბის დაძლევაში არ ეხმარება.

„გაანალიზებული პერიოდის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებ მოსახლეობაში შრომისუნარიანი ასაკობრივი ჯგუფების (19-40 და 41-65 ასაკობრივი ჯგუფები) წილი, საშუალოდ, 52% იყო, რაც 250 ათას ადამიანს შეადგენს. შესაბამისად, თუ საქართველოს მთავრობამ პროგრამის რეფორმირება და ამ ოჯახებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება გადაწყვიტა, დაახლოებით, 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას“,- აღნიშნულია კვლევაში.

PMCG-ის ანგარიშის თანახმად, რეგისტრირებულ ოჯახებს შორის, საშუალოდ, 42% იღებდა საარსებო შემწეობას. შესაბამისად, 2017 წლიდან 2019 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 450 ათასიდან 441 ათასამდე შემცირდა, 2019 წლიდან 2021 წლამდე კი, 33%-ით გაიზარდა და 588 ათასი შეადგინა. გაანალიზებულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი 12%-დან 16%-მდე გაიზარდა. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალური პროგრამების ხარჯები 3.3 მლრდ ლარიდან 6 მლრდ ლარამდე ეტაპობრივად გაიზარდა. შესაბამისად, გაანალიზებულ პერიოდში სოციალური პროგრამების ხარჯების წილი მთლიანი ბიუჯეტის ხარჯებში, 35%-დან 42%-მდე გაიზარდა.

2017 წლიდან 2021 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა, გაანალიზებულ პერიოდში 0-18 ასაკობრივი ჯგუფის წილი გაიზარდა 3.5 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 36%, ხოლო დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფების წილი ოდნავ შემცირდა.

შეგახსენებთ, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო