LIVE

ჩინურმა COSCO SHIPPING-მა რუსეთი დატოვა, თუმცა საქართველოდან რუსულ ტვირთებს კვლავ ემსახურება

29 მარ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1180

ჩინურმა სახელმწიფო საზღვაო-საკონტეინერო კომპანია COSCO SHIPPING LINES-მა რუსეთში სერვისები შეაჩერა და არსებული ფილიალები სრულად დახურა,- ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" საქართველოში COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა, გივი ჩაჩანიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, გაიზარდა დაინტერესება ფოთისა და ბათუმის პორტებით.

გივი ჩაჩანიძე განმარტავს, რომ კომპანია საქართველოში რუსულ ტვირთებს კვლავ მოემსახურება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება, დასავლეთის მიერ სანქცირებული კომპანიები სერვისს ვერ მიიღებენ.

"დღესდღეობით საქართველო არის ერთადერთი გზა, რომ მათი ტვირთები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოხვდეს. COSCO SHIPPING LINES ბოლო კომპანია იყო, რომელიც რუსეთში დარჩა და სანქციებს არ შეუერთდა, თუმცა წინა პარასკევს მანაც შეწყვიტა საქმიანობა. ომის დაწყების შემდეგ დღეში მინიმუმ 50 ზარს ვპასუხობ რუსეთიდან, უმეტესობა ტვირთებს აგზავნიან ფოთში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან არანაირი ინსტრუქცია არ მოსულა და სანქციებს არ უერთდება საქართველო, ჩვენ ვალდებულები ვართ, ევროპის სანქციების სიების მიხედვით მოვემსახუროთ ტვირთებს. თუ ევროპელი და ამერიკელი ყიდულობს, ჩვენ გადაზიდვაზე უარს ვერ ვიტყვით, თუმცა დამატებით გავაკონტროლებთ, რომ სანქცირებულ პირს ან კომპანიას არ მოვემსახუროთ",- განაცხადა გივი ჩაჩანიძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას. 

მისივე თქმით, გადაზიდვების გაძვირება მოსალოდნელია, რადგან სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა.