LIVE

რუსი ოლიგარქების იახტების ნაწილი რუსეთისკენ მიემართება, ნაწილი - გაუჩინარდა

25 მარ 202221:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 1796
რუსი ოლიგარქების იახტების ნაწილი რუსეთისკენ მიემართება, ნაწილი - გაუჩინარდა
Axel Heimken/picture alliance/Getty Images

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, 141-მეტრიანი სუპერ იახტა, რომელიც $500 მილიონად არის შეფასებული, გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებული რუსი მილიარდერის ალექსეი მორდაშოვის საკუთრებაშია. გემმა სეიშელის კუნძულები 12 მარტს დატოვა, ამჟამად სამხრეთ ჩინეთის ზღვაშია და შინ - ვლადივოსტოკის პორტისკენ მიემართება. დანიშნულების ადგილზე ის, სავარაუდოდ, 29 მარტს იქნება. 

ოლიგარქებთან დაკავშირებულმა სხვა ძვირადღირებულმა გემებმა დატოვეს ხმელთაშუა ზღვის პოპულარული ადგილები, ბევრმა კი გათიშა სისტემა, რომელიც მათ გადაადგილებას აჩვენებდა. 

რუსული მეგა იახტების მიმოფანტვას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან მდიდარ, რუსეთთან პოლიტიკურად დაკავშირებულ ადამიანებს ნავები, ძვირადღირებული ბინები და კერძო თვითმფრინავები ჩამოართვან. 

Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, 24 თებერვლიდან 11 მარტამდე, უკრაინაში ომის დაწყებიდან ბაიდენის მიერ რუსი ბიზნესმენებისთვის დამატებითი სანქციების დაწესებამდე, რუს მაგნატებთან დაკავშირებულ სულ მცირე ცხრა იახტასთან კომუნიკაცია შეწყდა.  

გავრცელებული ინფორმაციით, გემების უმეტესობა სანქცირებული ოლიგარქების ან აშშ-ის მიერ პუტინთან დაახლოებულად მიჩნეული პირების საკუთრებაშია.

საერთაშორისო საზღვაო რეგულაციები მოითხოვს ყველა სამგზავრო გემმა, მიუხედავად იმისა, თუ რა ზომის არის ის, თავისი მდებარეობის შესახებ მონაცემები სხვა გემებსა და სანაპირო ხელისუფლებას მიაწოდოს. მოწყობილობები, სახელწოდებით ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა ან AIS, უნდა იყოს აქტიური ნებისმიერ დროს გემების თვალყურის მისადევნებლად. სხვა გემებისთვის ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანია უბედური შემთხვევების თავიდან არიდების მიზნითაც. 

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ასევე დაუწესეს სანქციები ბევრ ისეთ რუს მაგნატს, რომელთა წინააღმდეგაც ზომები აშშ-მა მიიღო. არაერთი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს მათი ძვირადღირებული იახტების მდებარეობის დადგენას.

ორი კვირის წინ იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს მეგა იახტა დააკავა. ფინანსური პოლიციის განცხადების თანახმად, გემი, სახელწოდებით "SY A", დაახლოებით 530 მილიონი ევრო ღირს. 

კიდევ უფრო ადრე, მიმდინარე თვის დასაწყისში რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს მოცულობით მსოფლიოში ყველაზე დიდი სუპერ იახტა Lena, ხოლო მორდაშოვს იახტა Lady M ჩამოართვეს.  

ამავე დროს, მეტალის მაგნატის, ალიშერ უსმანოვის მეგა იახტა Dilbar გერმანიაშია ჩარჩენილი.

ეს მაგნატებს აიძულებთ თავი აარიდონ ხმელთაშუა ზღვას და ჩრდილოეთ ევროპას, რომელიც, როგორც წესი, გაზაფხულსა და ზაფხულში სავსეა მეგა იახტებით.

ახლო აღმოსავლეთი, საიდანაც იახტებს ინდოეთის ოკეანეზე ადვილი წვდომა აქვთ, ცნობილია, როგორც სანქცირებული გემების საბოლოო დანიშნულების ადგილი. 

Bloomberg News-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, ბოლო დროს სულ მცირე რვა ხომალდი ნახეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ომანთან ან საუდის არაბეთთან ახლოს.

Superyacht Group-ის მონაცემებით, რუსების მფლობელობაში მყოფი მეგა იახტები მსოფლიო ფლოტის 10%-ს შეადგენს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოან ჰა და კევინ ვარლი