LIVE

ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ჩინეთმა რუსეთს შესაძლოა ტექნიკური დახმარება გაუწიოს

25 მარ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 957
ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ჩინეთმა რუსეთს შესაძლოა ტექნიკური დახმარება გაუწიოს

ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ჩინეთი შესაძლოა, მზად იყოს რუსეთს, დაწესებული სანქციების ზემოქმედების შერბილების მიზნით, ნახევარგამტარები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა მიაწოდოს.

აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე ეჭვობენ, რომ პეკინმა შესაძლოა დახმარება გაუწიოს პუტინს. უკრაინის ომზე ჩინეთის პოტენციური გავლენა იყო ცენტრალური საკითხი გუშინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის მოკავშირეებს შორის ბრიუსელში გამართულ დისკუსიებში.

ნატოს სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთს ხელი უნდა შეუშალონ რუსეთთან დაახლოებაში, მაგრამ Bloomberg-ის წყაროების თანახმად, არ ყოფილა შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამ მიზანს. 

პეკინი და მოსკოვი უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა ჩინეთს დახმარებისთვის მიმართა. ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ბლოკს ჯერჯერობით არ აქვს მყარი მტკიცებულება, რომელიც გაერთიანების შეშფოთებას დაადასტურებს

ბაიდენის თქმით, ლიდერებმა იმსჯელეს ახალი ორგანიზაციის შექმნის შესახებ, რომელიც დააკვირდება შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სანქციების შესრულებას. აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ კრემლის დახმარების შემთხვევაში, ჩინეთი დაზარალდება მისი ქმედების პასუხად მიღებული შედეგებით. 

ნატოს ლიდერებმა სამიტის კომუნიკეში პეკინსაც მიმართეს.

"მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას (PRC), დაიცვან საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, როგორც ეს გათვალისწინებულია გაეროს წესდებით, თავი შეიკავონ რუსეთის საომარი ძალისხმევის ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც დაეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში",- ნათქვამია განცხადებაში.

ევროპელი ლიდერები ცდილობენ შეიმუშაონ პრევენციული ზომები ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბლოკის ეკონომიკისთვის.

1 აპრილს ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტია დაგეგმილი. ცნობილია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ვიდეოკონფერენციას გამართავენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიარა ალბანესი