LIVE

ჩინეთს სურს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გავლენა თავიდან აირიდოს

15 მარ 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 938
ჩინეთს სურს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გავლენა თავიდან აირიდოს

ჩინეთს სურს, თავიდან აირიდოს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გავლენა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანიიმ ნათლად განაცხადა. 

"ჩინეთი არ არის კრიზისის მხარე და არ სურს სანქციებმა გავლენა მოახდინოს ჩინეთზე. ჩინეთს აქვს უფლება დაიცვას თავისი კანონიერი უფლებები და ინტერესები", - თქვა ვანმა ესპანელ კოლეგასთან, ხოსე მანუელ ალბარესთან სატელეფონო საუბრისას. 

მინისტრის განცხადება მკაფიო მესიჯია ინვესტორებისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ შესაძლოა, რუსულ კომპანიებთან ერთად, სანქციები მათაც დაემუქროთ, რადგან ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა პეკინს სამხედრო და ფინანსური დახმარება სთხოვა. აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს ასევე აცნობა, რომ რუსეთმა ჩინეთს საბრძოლო დრონებისთვის თებერვლის ბოლოს მიმართა. 

რუსეთის მიერ იარაღის თხოვნის შესახებ გავრცელებულ თავდაპირველ ინფორმაციას გუშინ ჩინეთმა "დეზინფორმაცია" უწოდა. რუსეთმა უარყო, რომ პეკინს დახმარებისთვის მიმართა და თქვა, რომ მას ომის მოსაგებად საკმარისი რესურსი აქვს. დრონების შესახებ ინფორმაციაზე  ქვეყნებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ ჩინეთმა ასეთი დრონები მიყიდა საუდის არაბეთს, პაკისტანსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გააფრთხილეს ჩინეთი, რომ არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში, ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ გასულ კვირას თქვა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე ჩინური კომპანია ამის გაკეთებას გეგმავდა. 

ამან გააჩინა შეშფოთება, რომ შესაძლოა, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის კრიზისი გააღრმაოს. ჩინეთის აქციების ინდექსი გუშინ ჰონგ-კონგში 21%-ით დაეცა. აშშ-ში რეგისტრირებული ჩინური აქციების ფასი, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში 10%-იანი ვარდნის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებლით  - 12%-ით შემცირდა, რაც აიხსნება ამერიკელი ინვესტორების შიშით, რომ ისინი აშშ-ის ბირჟებზე ვეღარ შეძლებენ ამ აქციებით ვაჭრობას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა დიდი ხანია ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიღმა დაწესებულ ნებისმიერ ცალმხრივ სანქციებს.

"ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგება პრობლემების გადასაჭრელად სანქციების გამოყენებას და კიდევ უფრო ეწინააღმდეგება ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც საფუძვლად საერთაშორისო კანონმდებლობა არ უდევს, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო წესებს და ზიანს მოუტანს ყველა ქვეყნის ხალხის საარსებო წყაროს", - თქვა ვანმა.

ამერიკული კვლევითი ფირმის Rhodium Group-ის ანალიტიკოსებმა 3 მარტის ანგარიშში აღნიშნეს, რომ ჩინეთი, სავარაუდოდ, წაახალისებს თავის მსხვილ ბანკებს, დაიცვან ამერიკული სანქციები და „ფრთხილად დაეხმარონ მოსკოვს საკვანძო ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლში“, სანამ აშშ დამატებით სანქციებს დააწესებს. 

ამ ფონზე გუშინ აშშ-ისა და ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები შეხვდნენ. ეს იყო პირველი მაღალი დონის პირისპირ მოლაპარაკება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. 

თეთრმა სახლმა დისკუსიებს "არსებითი" უწოდა, ხოლო პეკინმა განაცხადა, მოლაპარაკება "კონსტრუქციული" იყო, თუმცა მხარეებს მოლაპარაკების კონკრეტული შედეგები არ გამოუცხადებიათ. 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, რომელიც მოლაპარაკებაში ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა, აცხადებს, რომ თითქმის 6-საათიან შეხვედრაზე დააყენა მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩინელმა დიპლომატმა იან ჯიეჩიმ უკრაინაში "ყველა მხარეს", მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მიზნით, თავშეკავებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

ჩინური მხარის ინფორმაციით, სალივანთან "კონსტრუქციული" მოლაპარაკებების დროს იანმა ხაზი გაუსვა პეკინის წინააღმდეგობას ვაშინგტონის მხრიდან ტაივანის მხარდაჭერის მიმართ, რამდენადაც პეკინი ტაივანს ჩინეთი თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.

ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცადა პეკინი დაერწმუნებინა, რომ გამოეყენებინა თავისი გავლენა კონფლიქტის დასასრულებლად.

ამერიკელი მაღალჩინოსნები არ მალავენ, რომ ადმინისტრაციას აღელვებს რუსეთისა და ჩინეთის კავშირები. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ორი ერის მეგობრობა "უსაზღვროა". 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია