LIVE

რა განაპირობებს გლობალური რეცესიის "გარდაუვალობას"

24 მარ 202218:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 978
რა განაპირობებს გლობალური რეცესიის "გარდაუვალობას"
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირის თავზე ეკონომისტებმა საკუთარი პროგნოზების გადახედვა დაიწყეს, თუ რა გავლენა ექნება ომს გლობალურ ეკონომიკაზე.
 
ცვალებადი პროგნოზები
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ სამშაბათს განაცხადა, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი 2022 წლისთვის ნავარაუდევ 4.4%-იან ზრდის პროგნოზს შეამცირებს და ის ასახული იქნება ახალ ანგარიშში, რომელიც შემდეგ თვეში გამოქვეყნდება.
 
ქვეყნები, რომლებსაც სწრაფი პოსტპანდემიური აღდგენა ჰქონდათ, უფრო მდგრადები იქნებიან შოკის მიმართ - განაცხადა გეორგიევამ და ამ თვალსაზრისით აშშ გამოყო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები აქვს. ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებს დიდი შოკის გადატანა გაუჭირდებათ - სავალუტო ფონდის ვარაუდით დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 60%-ს ვალის მომსახურება გაუჭირდება და რესტრუქტურიზაცია დასჭირდება.
 
დალასის ფედერალური სარეზერვო სისტემის ორმა წამყვანმა ეკონომისტმა შედარებით კონკრეტული დასკვნა შემოგვთავაზა: გლობალური ეკონომიკის რეცესიამ შესაძლოა იმაზე მეტ ხანს გასტანოს, ვიდრე ეს 1991 წლის სანავთობო შოკის შედეგად მოხდა, როცა ერაყი ქუვეითს დაესხა თავს.
 
„თუ რუსული ნავთობის დანაკლისი არ დაკომპენსირდება, ნავთობის ფასის ზრდა გაგრძელდება და გრძელვადიან პერიოდში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება გადაჭარბებული მოთხოვნის საპასუხოდ. გლობალური ეკონომიკის დაღმასვლა გარდაუვალია“,- განაცხადეს ლუც კილიანმა და მაიკლ პლანტემ.
 
ამასობაში, Bloomberg Economics-მაც გადახედა საკუთარ სცენარებს:
 
 
„ამ დროისთვის, ჩვენი შეფასებით, განგრძობადი კონფლიქტის სცენარში ვართ, თუმცა ფინანსური ბაზრებზე არსებული ფასებით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ დე-ესკალაციის სცენარი მუშაობს“,- აღნიშნეს ბარღავი საქტიველმა, ბიორნ ვან როიმ და ტომ ორლიკმა.
 
ყველაზე მეტი დასაკარგი ევროზონას აქვს, მისი ენერგოდამოკიდებულების გათვალისწინებით, რაც ევროპის ცენტრალური ბანკისთვის სიტუაციიდან გამოსვლას და ინფლაციის კონტროლს ართულებს მაშინ როცა პარალელურად, მარეგულირებელს რეცესიის თავიდან არიდებაც სურს. არის მოლოდინი, რომ ცენტრალურ ბანკს განაკვეთების ზრდა მოუწევს.
 
აშშ-ს შემთხვევაში, ევროკავშირში ექსპორტის შემცირება და ფინანსური ბაზრებიდან მომავალი დარტყმა - მათ შორის საფონდო ბაზარზე შემცირებული ფასები და კორპორატიულ სესხებზე გაზრდილი პრემიუმი - შემაფერხებელი ფაქტორები იქნება ეკონომიკური აღდგენის გზაზე.  სამაგიეროდ, სარგებელს ნახავს ამერიკული ნავთობინდუსტრია. ფედერალური რეზერვის ორი ნეგატიური სცენარი ფოკუსირებულია ზრდასთან დაკავშირებულ რისკებზე და იზრდება ალბათობა, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოსალოდნელზე ნაკლებად მოუწევს.
 
თუმცა ერთ რამეზე ყველა ერთხმად თანხმდება: „ომის ბურუსი გლობალური ეკონომიკის პროგნოზირებას ართულებს და გაურკვევლობა მაღალია.“
 
რა უნდა ქნან ტრეიდერებმა ასეთ გაურკვევლობაში? Allianz-ის მოჰამედ ელ-ერიანი და Bloomberg Opinion-ი რეკომენდაციას უწევენ შემდეგს: თავიდან მოიშორონ წილობრივი აქციები.
 
ეკონომიკური მიზანსცენა
 
იმისთვის, რომ 30-წლიან მაქსიმუმზე მყოფი ინფლაციის გამოწვევებს უპასუხოს, გაერთიანებული სამეფოს ხაზინის კანცლერმა, რიში სუნაკმა დასაქმებულებს გადასახადები 6 მილიარდი ფუნტით შეუმცირა, რათა მათ მეტი განკარგვადი შემოსავალი დარჩეთ გაზრდილ ფასებთან გასამკლავებლად.
 
„ჩემი საგადასახადო გეგმა საუკუნის ბოლო მეოთხედში პერსონალური გადასახადების ყველაზე მასშტაბურ შემცირებას გულისხმობს",- განუცხადა სუნაკმა წარმომადგენელთა პალატას ოთხშაბათს გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ეკონომიკურ აღდგენას რისკებს უქმნის და კიდევ უფრო მეტად აჩქარებს ინფლაციას. მან შეამცირა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც - წინასწარი 6%-დან 3.8%-მდე.
 
ბრიტანეთის მთავარ ხაზინადარს რამდენიმე არჩევანი ჰქონდა მოსახლეობაზე მაღალი ინფლაციის ეფექტის გასანეიტრალებლად, მათ შორის საწვავზე გადასახადის შემცირება და იმ ქვედა ზღვრის გაზრდა, რომლის ზევითაც მოქალაქეები ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურს იხდიან.
 
ინფლაციის კიდევ ერთი წყარო - „climateflation“
 
ენერგოდამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით გაცხადებულმა დისკუსიამ გააქტიურა იმის განხილვაც, თუ რა დაჯდება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა.
 
მიმდინარე კვირაში, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკების ყოფილმა მმართველმა, მარკ ქარნიმ განაცხადა, რომ ტემპერატურული ცვლილების 1.5 გრადუსამდე ლიმიტირება, „ფუნდამენტურად პოზიტიური ფაქტორი იქნება და ნაკლებად დააწვება ინფლაციას ვიდრე ამჟამინდელი შეუსაბამო პოლიტიკის გაგრძელება კლიმატთან მიმართებაში.“
 
თუმცა, მან აღიარა, რომ ტრანზიციას „აღმავალი ზეწოლა ექნება ინფლაციაზე“ პირველი ათწლეულის განმავლობაში. შემდეგ კი, სუფთა ენერგიის შედარებით დაბალი ღირებულება ფასების დასტაბილურებას ხელს შეუწყობს.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ენერგოსისტემების გაძლიერებაში ინვესტირება წონასწორულ საპროცენტო განაკვეთს გაზრდის, რომელიც ეკონომიკას არც აძლიერებს, არც ასუსტებს, სანაცვლოდ კი თანხის სესხების ღირებულებას მდგრად ნიშნულზე ინარჩუნებს, რასაც ასევე თან ახლავს ფასების სტაბილურობა.
 
ამავდროულად, ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ისაბელ შნაბელმა, მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ ევროზონა აღმავალი ინფლაციის განგრძობით პერიოდში ნაწილობრივ იმ მწირ რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნის გამოა, რომლებიც მწვანე ტექნოლოგიების დასანერგად არის საჭირო. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან მიანიშნა „კლიმატფლეიშენის“ არსებობაზე.
 
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის ენსტი