LIVE

უკრაინამ ომის ობლიგაციების მე-4 აუქციონით $206 მილიონი შეაგროვა

22 მარ 202222:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1081
უკრაინამ ომის ობლიგაციების მე-4 აუქციონით $206 მილიონი შეაგროვა
Anatolii Stepanov/AFP/Getty Images

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო წინააღმდეგობის დასაფინანსებლად შიდა ობლიგაციების ბოლო აუქციონიდან 6,04 მილიარდი გრივნა ($206 მილიონი) შეაგროვა. 

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ერთწლიან ობლიგაციებზე განაკვეთი 11%-ია, თითოეული ობლიგაციის ნომინალური ღირებულება კი 1000 გრივნაა (33$).

ქვეყნის შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად უკრაინამ ომის ობლიგაციების გაყიდვის შესახებ 1 მარტს განაცხადა. ამ დრომდე სამი აუქციონი შედგა და ამ გზით, ჯამში ქვეყანამ დღევანდელ ვაჭრობამდე $691 მილიონი მიიღო

კიევში მდებარე Investment Capital Ukraine-ის მაკროეკონომიკური კვლევების ხელმძღვანელი ვიტალი ვავრიშჩუკი მიიჩნევს, რომ ე.წ. ომის ობლიგაციებს ინვესტორებისთვის თან ახლავს მნიშვნელოვანი რისკები, მაგრამ მას პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, ბევრი ყიდულობს.

"ისინი, ვინც სამხედრო ობლიგაციებს ყიდულობს, ამას საბაზრო განაკვეთზე ნაკლებ ფასად იღებს. ინვესტორები ფინანსური შემოსავლის ნაწილს სწირავენ ქვეყნის მხარდაჭერისთვის",- ამბობს მკვლევარი. 

უკრაინის საინვესტიციო რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა და არსებობს რისკი, რომ ის კიდევ უფრო შემცირდეს. 

უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბრის მდგომარეობით, არარეზიდენტები ქვეყნის ვალის დაახლოებით 10%-ს ფლობდნენ, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლის აპრილის მონაცემებს. ომის დაწყების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ შეზღუდა წვდომა მის ვებსაიტზე, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი კიბერშეტევები, რამაც უცხოელებისთვის ინფორმაციის მიღება გაართულა. უწყება  ინვესტორებთან სოციალური მედიის ანგარიშების საშუალებით ურთიერთობს.  

მთავრობა ასევე ეყრდნობა საერთაშორისო დახმარებას, მათ შორის "საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან" მიღებულ $1,4 მილიარდის მოცულობის გადაუდებელ სესხს, ასევე ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსურ დახმარებას.

ომის ობლიგაციები არის ვალის აღების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია მთავრობის მიერ ომის დროს სამხედრო ოპერაციების და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პრისცილა აზევედო როჩა და დარინა კრასნოლუცკა