LIVE

უკრაინამ ომის ობლიგაციებით $691 მილიონი შეაგროვა

16 მარ 202212:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 773
უკრაინამ ომის ობლიგაციებით $691 მილიონი შეაგროვა

უკრაინამ დოლარისა და გრივნას ობლიგაციების შიდა აუქციონით $185 მილიონი შეაგროვა. ქვეყანა ამ გზით რუსეთის შეჭრის შემდეგ ბიუჯეტისა და სამხედრო ხარჯების დაფინანსებას განაგრძობს.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დოლარის ერთწლიან ობლიგაციებზე განაკვეთი 3,7%-ს შეადგენს, ხოლო ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციებზე 11%-ს. ბოლო აუქციონის შემდეგ, ომის ობლიგაციებიდან შემოსავალი ჯამში $691 მილიონამდე გაიზარდა.

ომის ობლიგაციების გაყიდვები რიგი სხვა დაფინანსების ღონისძიების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანამ ბიუჯეტის მხარდასაჭერად და შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსების მოსაზიდად დანერგა. გასულ კვირას უკრაინის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) $1,4 მილიარდიანი გადაუდებელი დაფინანსების მხარდაჭერა მიიღო, ევროკავშირმა კი დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი უზრუნველყო.

ქვეყანას ეხმარებიან ცალკეული მთავრობებიც. იტალიამ უკრაინის ბიუჯეტის მხარდასაჭერად $120.7 მილიონი გამოყო. უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ასევე შეისყიდა ობლიგაციები, რომლებიც ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის დასაფინანსებლად გაიყიდა. ბანკი აცხადებს, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში მთავრობის კრიტიკული ხარჯებისთვის შეზღუდული დაფინანსების უზრუნველყოფას გააგრძელებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პრისწილა აზევედო როხა