
საქართველოში იმპორტირებული ხორბლის, ფქვილის, ზეთისა და წიწიბურას უდიდესი ნაწილი (88%-ზე მეტი) რუსეთზე მოდის.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებული ხორბლის 78.5% საქართველომ რუსეთში შეიძინა. „საქსტატის“ მონაცემებით, ორ თვეში საქართველომ 25,5 ათას ტონა ხორბალში $7.4 მილიონი გადაიხადა. რუსეთიდან ხორბლის იმპორტმა 20 ათასი ტონა ($6.4 მლნ) შეადგინა. საქართველოს წელს უკრაინისგან ხორბალი არ უყიდია.
კიდევ უფრო მეტად, ფაქტობრივად 99.2%-ით არის დამოკიდებული საქართველო ხორბლის ფქვილის იმპორტზე რუსეთიდან. იანვარ-თებერვალში საქართველოში 23 ათასი ტონა ($7.7 მლნ) ფქვილის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 22.8 ათასი ტონა ($7.6 მლნ) რუსეთიდან შემოვიდა. უკრაინაში საქართველომ სულ $25 ათასის, 67 ტონა ფქვილი იყიდა.
76.7%-ით არის დამოკიდებული საქართველო რუსულ ზეთზე. 2 თვეში 1.9 ათასი ტონა ($2.9 მლნ) მზესუმზირას ზეთია იმპორტირებული, საიდანაც 1.4 ათასი ტონა ($2.1 მლნ) რუსეთიდან შემოვიდა. ამავე პერიოდში, საქართველომ უკრაინისგან $461 ათასის 239.2 ტონა მზესუმზირას ზეთის იყიდა.
ამასთან, საქართველოში იმპორტირებული 943.6 ტონა ($936.2 ათასი) წიწიბურადან, 939.1 ტონა ($925.9 ათასი), ანუ 99.5% რუსეთზე მოდის.
რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთზე მოდის საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11%, ექსპორტის 12.2% და იმპორტის 10.2%.
საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსული ელექტროენერგიის იმპორტზეც.