LIVE

იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

21 მარ 202212:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1639

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო (354.4 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიციას იკავებდა რუსეთი (274.6 მლნ აშშ დოლარი), მესამეს კი - აზერბაიჯანი (248.8 მლნ აშშ დოლარი).

იანვარ-თებერვლის მონაცემებით, რუსეთზე მოდის საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 11%, ექსპორტის 12.2% და იმპორტის 10.2%.

რუსეთში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა: ფეროშენადნობები; ყურძნის ნატურალური ღვინო; მინერალური და მტკნარი წყლები; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს, ან მისი შემცვლელებისაგან; ასევე, სპირტიანი სასმელები. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში ყველა ძირითადი საექსპორტო პროდუქტის მიმართულებით ზრდა ფიქსირდება და ჯამურად ექსპორტი დაახლოებით 36%-ითაა გაზრდილი.

რუსეთიდან კი საქართველოში იმპორტის სახით მიმდინარე წლის ორ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები; ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი; სატელეფონო აპარატები და სხვა. წლიურ ჭრილში რუსეთიდან იმპორტი 38%-ით გაიზარდა.

2022 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (95.4 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (92.9 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (92.3 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 156.3 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 100.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.2%), ხოლო მესამეზე - მსუბუქი ავტომობილები 72.6 მლნ აშშ დოლარით (9.5%).

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-თებერვალში პირველ სამეულში შედის: თურქეთი (295.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (181.8 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (156.5 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 162.7 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.1% შეადგინა. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა 153.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 134 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.5%).

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მლრდ 542 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 760 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (54.5%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 1 მლრდ 781 მლნ აშშ დოლარს (47.2%-ით მეტია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში, 1 მლრდ 21 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მლრდ 315 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.