LIVE

ომის დროს ნებისმიერი ბიზნესი სესხის აღებას 0%-ად შეძლებს - ზელენსკი

18 მარ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 813
ომის დროს ნებისმიერი ბიზნესი სესხის აღებას 0%-ად შეძლებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეკონომიკური გეგმის დეტალები გაასაჯაროვა. ომის პერიოდში ბიზნესისთვის ახალი წესები იმუშავებს, კერძოდ, ამოქმედდება უპროცენტო სესხები და მნიშვნელოვნად შემცირდება რეგულაციები. 

“მთავრობამ მოამზადა გადაწყვეტილება მეწარმეებისთვის დაკრედიტების პროგრამის გაფართოების შესახებ. ომის დროს ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია აიღოს სესხი 0%-ით, პლუს ომის შემდეგ ერთი თვე, შემდეგ კი მინიმალური განაკვეთი 5% იქნება. სესხის მთლიანი თანხა 60 მილიონ გრივნამდეა. ბიზნესების წრე, რომლებსაც შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა, გაფართოვდება”,- განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დააანონსა რეგულაციების მნიშვნელოვანი შემცირება.

“მინისტრთა კაბინეტი კენჭს უყრის რეგულაციების მასობრივ შემცირებას. იყო 600-ზე მეტი ბიზნეს ნებართვა თუ ლიცენზია და დარჩება 20-მდე - მხოლოდ ის, რისი გაუქმებაც შეუძლებელია. უკრაინაში ბიზნესის აბსოლუტური უმრავლესობისთვის იმუშავებს დეკლარაციული პრინციპი - გამოაცხადეთ საქმიანობის დაწყება და თავისუფლად იმუშავებთ”,- განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკს, უმაღლეს რადას და მთავრობას “სპეციალური” დავალება მისცა - ეპოვათ საკანონმდებლო შესაძლებლობა მოსახლეობის ყველა დეპოზიტის გარანტირებისთვის. 

“დავავალე ისეთი საკანონმდებლო შესაძლებლობის შექმნა, რომ სახელმწიფო იყოს დეპოზიტების 100%-ის გარანტორი ქვეყნის ნებისმიერ ბანკში, რათა ხალხმა არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოს ფული”,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ეკონომიკური ინიციატივა არ არის. 14 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა საგადასახადო რეფორმის პირველადი მონახაზი წარადგინა, რომელიც ბიზნესს მაქსიმალურად უმარტივებს ოპერირებას. 

საგადასახადო რეფორმა გულისხმობს დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად ბიზნესის ბრუნვის 2%-ით დაბეგვრას, ასევე გამარტივებულ ანგარიშგებას. მცირე ბიზნესის შემთხვევაში, მთავრობას გადასახადის უნიფიცირებული ნებაყოფლობითი სისტემა შემოაქვს.